"ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავას შეფასებით, ქართველ ავტორებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან მწერლების ძალიან დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს ბოიკოტს უცხადებს.
ამის შესახებ გვანცა ჯობავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და სხვადასხვა ანტიდემოკრატიული კანონის საგამომცემლო სფეროზე გავლენა იყო.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 15 ნოემბერს, 19-მა გამომცემლობამ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია დატოვა, რადგან ასოციაციის გამგეობამ ორგანიზაციის „აგენტების კანონის“ რეესტრში დარეგისტრირება წევრებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ „რუსულმა კანონებმა“ საგამომცემლო სექტორი და მთლიანად ქვეყანა უკვე ძალიან დააზიანა, ამიტომ "რეჟიმს წერტილი უნდა დაესვას“.
გვანცა ჯობავას თქმით, გამოწვევების მიუხედავად, ქართული გამომცემლობები მაქსიმალურად ცდილობენ, ახალი წიგნების გამოცემა არ შემცირდეს და ასევე, შეინარჩუნონ ფასები, რათა წიგნებზე ხელმისაწვდომობა არ გართულდეს.
„გამომცემლობა „ინტელექტის“ სტატისტიკით რომ ვიმსჯელოთ, ვცდილობთ, კურსი და ტემპი შევინარჩუნოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია წიგნი მკითხველამდე მიდიოდეს და ასევე, ახალი წიგნი იბადებოდეს ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომაც, რომ ქართველ ავტორებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა - ქართველი მწერლების ძალიან დიდი უმრავლესობა არის ბოიკოტში [სახელმწიფოსთან], რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უარს ამბობენ სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე, რათა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, საზღვარგარეთ წარადგინონ საკუთარი წიგნები. ასევე, რადგან ბევრი გამომცემლობა და მწერალი ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ჩვენ არ ვსარგებლობთ მთარგმნელობითი გრანტით, ცხადია, ამან შეამცირა ქართული ლიტერატურის თარგმნა და საზღვარგარეთ გამოცემა. შესაბამისად, შეამცირა მწერლების საავტორო უფლებების საზღვარგარეთ გაყიდვაც“, - განაცხადა გვანცა ჯობავამ, მაგრამ იქვე დასძინა, რომ შექმნილ სიტუაციაშიც ევროპელი პარტნიორები მზად არიან, გრანტების გარეშეც თარგმნონ ქართული წიგნები და ამ ფორმით მხარი დაუჭირონ ქართველ ავტორებს.
„სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ევროპა ჩვენი ბაზარია, რომ ევროპა არის ჩვენი მეგობარი... არ მახსოვს, რუსეთისგან ასეთი კი არა, საერთოდ რაიმე ტიპის თანადგომა მიგვეღო. რუსეთი ვახსენე იმიტომ, რომ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას რაღაცნაირად უნდა, პროპაგანდით გვაჩვენოს, რომ რუსეთია თითქოს ჩვენი მეგობარი და მეზობელი, ევროპა კი - მტერი. სინამდვილეში კი, სწორედ ევროპელი მეგობრების დახმარებით ვახერხებთ, რომ ასეთ მძიმე დროს ქართული ლიტერატურა და საგამომცემლო სექტორი საერთაშორისო ასპარეზიდან არ დაიკარგოს“, - აღნიშნა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა.




























