მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ მეღვინეებს EU-ს ბაზარზე გასატან ღვინოზე შემადგენლობის დაწერა მოუწევთ - ახალი რეგულაცია

ევროკავშირი

2023 წლის 8 დეკემბრიდან ევროკავშირის მასშტაბით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, ბლოკის მასშტაბით გასაყიდ ღვინოსა და ღვინის პროდუქტებზე ინგრედიენტებისა და ნუტრიციული შემადგენლობის მითითება სავალდებულო გახდა.

თუ აქამდე ღვინისა და ღვინის პროდუქტების რეალიზატორები გამონაკლისის სახით თავისუფლდებოდნენ შეფუთვაზე იმ ინფორმაციის დატანის ვალდებულებისგან, რომელიც სხვა საკვები და სასმელი პროდუქტების ეტიკეტებზე არის დატანილი, ღვინოზე კი მხოლოდ ალკოჰოლის შემცველობისა და ალერგენების შესახებ ინფორმაციის მითითება იყო საჭირო, 2021/2117 რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ეს წესი შეიცვალა.

ახალი რეგულაციის თანახმად, ამიერიდან EU-ში გასაყიდი ღვინოების ფიზიკურ ეტიკეტებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება კილოჯოულების ან კილოკალორიების სახით. დანარჩენი ინფორმაციის განთავსება კი ელექტრონულად, მაგალითად, QR კოდის მეშვეობითაა აუცილებელი.

გარდა ენერგეტიკული ღირებულების, ალერგენებისა და ალკოჰოლის შემცველობის შესახებ ინფორმაციისა, რაც ფიზიკურ ეტიკეტზე უნდა იყოს განთავსებული, ელექტრონულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ღვინის ნუტრიციული შემადგენლობის, კერძოდ ცხიმების, ცილების, ნახშირწყლებისა და მარილის შემცველობის შესახებ 100 გრამ ან 100 მილილიტრ ღვინოში, და - ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი. ღვინის მწარმოებლებს ასევე შეუძლიათ მიუთითონ პროდუქტის ნუტრიციული შემადგენლობა ერთი ჭიქა ღვინის შემთხვევაში, თუ მისი ზომა განსაზღვრულია კომპანიის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტში ალკოჰოლის შემცველობა 10%-ს არ აღემატება, ეტიკეტზე უნდა განთავსდეს პროდუქტის შენახვის ვადაც.

ამასთანავე, თუ მწარმოებლები ყველა საჭირო ინფორმაციის განთავსებას ეტიკეტის ნაცვლად ონლაინ პლატფორმაზე გადაწყვეტენ, აუცილებელია, რომ QR კოდს მომხმარებელი არ გადაჰყავდეს ვებსაიტზე, რომელიც სარეკლამო კონტენტს შეიცავს. აკრძალულია QR კოდის მომხმარებლების ინფორმაციის კვლევა და შენახვაც. QR კოდი მხოლოდ ღვინის შემადგენლობას უნდა აცნობდეს მყიდველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები