პარასკევს, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეთოთხმეტე მინისტერიალზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს მოაწერა ხელი. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველო ’’ენერგეტიკული გაერთიანების“ ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი გახდება. რა იცვლება ამით ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე და რა ცვლილებები გველოდება პირველი ერთი წლის განმავლობაში, - თემის დეტალებით ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი საუბრობს.
- ბატონო ილია, რა სარგებელს ვნახავთ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ?
- მთელ საქართველოს მივულოცავ, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში უდიდესი ნაბიჯი გადავდგით წინ და არა მხოლოდ, ზოგადად, არამედ პოლიტიკურადაც. საბოლოო მიზანი მთელი ამ პროცესის არის ის, რომ ჩვენ ევროპული და ქართული ბაზარი აბსოლუტურად გავაერთიანოთ და სინქრონში მოვიყვანოთ. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელსაც სერიოზული რეფორმების გატარება დაჭირდება. საქართველო გეოგრაფიულად და ტექნიკურად უნიკალური ქვეყანაა და არ არის პირდაპირ დაკავშირებული ევროპის ბაზართან.
- 2017 წელს რა იგეგმება, რა ცვლილებები შევა კანონმდებლობაში, დაგეგმილი თუ არის რა ნაბიჯები გადაიდგმება?
- პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა მოხდება. ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მნიშვნელოვანი ნაწილია ენერგოეფექტურობა, რომელიც უახლოეს წლებში უნდა შესრულდეს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2017 წელს ენერგოეფექტურობის კანონი საბოლოოდ მივიღოთ. ასევე მუშაობა მიმდინარეობს რომ სადისტრიბუციო კომპანიებმა მეტი საშუალება მიიღონ, რომ მრავალი მომწოდებელი იყოს ბაზარზე და ელექტროენერგია მათგან მიიღონ. ბაზარზე მრავალი ცვლილება შევა, რომელიც ეტაპობრივად თავისუფალი ბაზრისკენ წაგვიყვანს, სადაც გამეფებული იქნება მიწოდება-მოთხოვნის კანონები და ამით იხელმძღვანელებს ნებისმიერი გენერაციის ობიექტი, მიმწოდებელი თუ დისტრიბუტორი.
ყველა ცვლილება მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბაზარი მაქსიმალურად დერეგულირებული იყოს. სერიოზული ცვლილებები შევა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. ამ მხრივ 2017 წელს სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება და ძირითადად ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.
- ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებასთან მოგვიწევს შეთანხმება იმ ტარიფების, რომელიც ბაზარზე ჩვენ უნდა დავაწესოთ?
- ოქმში ავსახეთ ის, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აქამდე სახელმწიფომ აიღო შესრულდება. რაც შეეხება ჩვენ შემდგომში გარანტირებულ ტარიფებს ინვესტორებს მივცემთ თუ არ მივცემთ მას, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ამას არავინ არ გვიკრძალავს. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად იქნება აუცილებელი ამ ტარიფების მიცემა გენერაციის წყაროების განვითარებისთვის და ასევე დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა ფისკალურ და მონეტარულ რისკებს შეიცავენ. ჩვენი მიზანია იმგვარად მოხდეს გენერაციის ობიექტების განვითარება, რომ საჭირო აღარ იყოს არანაირი გარანტირებული შესყიდვების მიცემა, ანუ ისეთი სადგურების მშენებლობა მოხდეს, რომელსაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები არ გააჩნია და მიწოდება-მოთხოვნის კანონს ექვემდებარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა განსაზღვროს ტარიფი.
-საქართველოსთვის რა გამონაკლისები იქნა დაშვებული გაწევრიანების დროს?
-ძირითადი გამონაკლისები იყო ტრანზიტთან დაკავშირებული რეგულაციები. ჩვენ ჩვენი კორიდორი გვაქვს, რომელსაც ვავითარებთ და პირდაპირ მათი რეგულაციებისა და ფორმების გადაღება სწორი არ იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ჩვენ ჩვენი უნიკალურობიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე განვავითაროთ ეს მიმართულება. საქართველოს ენერგოსისტემა მე-19 საუკუნის ბოლოდან შენდებოდა და მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს, მან მრავალი ქარტეხილი გამოიარა, იმ ფორმით ჩამოყალიბდა, როგორიც არის, ამიტომ მარტივად თქმა და მთლიანად სინქრონიზაცია, უბრალოდ კანონების გადმოწერა არ იმუშავებდა. ამ კუთხითაც ჩვენ გარკვეული მოქნილობა და საშუალება მივიღეთ, რომ მოვერგოთ რეალობას, რომელიც დღეს არსებობს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო, რასაც ჩვენი ოპონენტები ვერ იგებდნენ.
-გარდა იმისა, რომ სექტორში მეტ გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ცვლილებებს და მეტი ინვესტორის მოზიდვას ველოდებით, რა იცვლება ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, რა შეგვიძლია დღეს მათ ვუთხრათ?
-არ მინდა დაკონკრეტება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ცვლილება იქნება მომხმარებლის კუთხით, მაგრამ მარტივად აღსაქმელი რომ იყოს გეტყვით, რომ ჩვენთან მომხმარებლის უფლება თანმიმდევრულად რამდენიმე წლის განმავლობაში გაუთანაბრდება ევროპელი მომხმარებლის უფლებებს. ჩვენ საბოლოო ჯამში აუცილებლად გავაკეთებთ სინქრონიზაციას მათ ბაზართან, თუმცა ეს გარკვეულწილად ჩვენი სპეციფიკურობიდან და მათი გათვალისწინებიდან გამომდინარე იქნება. ამიტომ ქართველი მომხმარებელი მისი უფლებებით ისევე იქნება აღჭურვილი, როგორც ევროპელი მომხმარებელია დღეს. ევროპელი მომხმარებელი კი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაცულია, რაზეც არავინ დაობს.

























