არსებობს კარგი შესაძლებლობები ქართველი და თურქი ბიზნესმენებისთვის, რომ ერთად იმუშაონ, - ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს. ჟურნალისტებთან კომენტარი ელჩმა საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმზე გააკეთა, რომელიც "დამსაქმებელთა ასოციაციაში" გაიმართა და მას ავეჯის მწარმოებელი კომპანიები დაესწრნენ.
ელჩის განცხადებითვე, იქმნება საელჩოსა და "დამსაქმებელთა ასოციაციის" ახალი პლატფორმა, რომელიც ქართულ და თურქულ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს სექტორული შეხვედრები გამართოს და ერთობლივი საწარმოები აამოქმედოს.
"კარგი იდეაა საქართველოში წარმოება და პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანა; გამოყენება იმ სავაჭრო შეთანხმებებისა, რომელიც საქართველის აქვს. ეს დამოკიდებულია ურთიერთობების სამომალო განვითარებაზე. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია თურქეთის საელჩოსთან ერთად იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სექტორული შეხვედრები ქართველ და თურქ ბიზნესებს შორის. იმისთვის რომ განვითარდეს საერთო აგროწარმოება, ტურიზმი, საკვები პროდუქტების წარმოება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ აწარმოე საქართველოში კამპანიას და გვჯერა, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობები ქართველი და თურქი ბიზნესმენებისთვის, რომ ერთად იმუშაონ. მინდა დარწმუნებით ვტქვა, რომ თურქული ავეჯის წარმოება ნამდვილად მსოფლიო კლასისაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახლოსაა თურქეთთან, ჩვენ შეგვიძლია ნოუჰაუ საქართველოს გავუზიაროთ",- აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში.
"დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, ახალი პროექტის მიზანია, საქართველო თურქული პროდუქციისთვის არამხოლოდ რეალიზაციის ბაზრად აქციოს, არამედ აქვე შეიქმნას პროდუქცია და მესამე ქვეყნებში გაიტანოს.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს 2 თვეა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი ხედვა, ახალი მიდგომები პარტნიორობისა ქართულ და თურქ ბიზნესებს შორის. ეს მიდგომა არის ერთი, რომ საქართველო არ იყოს მხოლოდ რეალიზაციის არეალი თურქული პროდუქტისა, არამედ საქართველოში მოხდეს ადგილობრივი წარმოების შექმნა. მოხდეს ინვესტიციების განხორციელება იმ თურქული კომპანიებიდან, რომლებსაც უნდათ აწარმოონ საქართველოში. ძირითადი აქცენტი კეთდება იმ პოტენციალზე, რაც საქართველოს გააჩნია და გამოიყენონ ექსპორტის შესაძლებლობები",- აღნიშნა მელაძემ.

























