საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ თბილისის მოდის კვირეულზე მოწვეული ჟურნალისტებისა და მყიდველების (ე.წ ბაიერების) დაინტერესების შედეგად ქართველი დიზაინერი, მარიამ გვასალია საკუთარ კოლექციას იტალიაში გასაგზავნად ამზადებს.
ქართული საფეიქრო ნაწარმით მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენელების დაინტერესება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიაში „ჯეო-ემ-ტექსში“ გამართული ჩვენების შედეგად მოხდა. ხსენებული საწარმო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს და საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის ყველა სათანადო რესურსს ფლობს და როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის საწარმოო ხაზს აერთიანებს.
კომპანიას, თანამედროვე სტანდარტების საწარმოში, უკვე შეძენილი აქვს მაღალი ხარისხის საკერავი და საქსოვი მანქანები და თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან“.

























