ნიდერლანდებში, ამსტერდამის მახლობლად, ქალაქ პურმერენდში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ღვინის სახლი Wijnhuis Mana, რომელსაც ქართველი ემიგრანტი მანა ბლიკერ-ოტმერი და მისი მეუღლე, პიტერ ბლეიკერი ერთობლივად მართავენ.
წყვილი არამხოლოდ ადგილობრივ მაღაზიას ფლობს, არამედ ქართული ღვინის იმპორტს უზრუნველყოფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. როგორც მანა ბლიკერ-ოტმერი აღნიშნავს, ბიზნესის საწყისი ეტაპი მოკრძალებული იყო. ყველაფერი ერთი პალეტით დაიწყო, თუმცა დღეს საწყობში 40 000 ბოთლზე მეტი ქართული ღვინოა დასაწყობებული, რომელიც ადგილობრივი HoReCa სექტორის მომარაგებას უზრუნველყოფს.
„ქართული ღვინო ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ეს მოტივაცია გვაძლევს ძალას, გავაცნოთ ევროპელ მომხმარებლებს მისი უნიკალურობა. ასე გავხსენით ღვინის სახლი – Wijnhuis Mana, სადაც რეგულარულად ვმართავთ დეგუსტაციებს პროფესიონალებისა და მყიდველებისთვის", - თქვა მან.

როგორც მანა აღნიშნავს, თავდაპირველად მხოლოდ ქართულ ღვინოზე ორიენტირებული მაღაზია ჰქონდათ, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო, მოგვიანებით ევროპული ღვინოებისა და ლუდის დამატებაც გახდა საჭირო. ის დასძენს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მათ მიერ იმპორტირებული ღვინოები დღეს უკვე წარმოდგენილია ნიდერლანდებსა და ბელგიაში არსებულ რესტორნებსა და ღვინის ბარებში.
"ამ დროისათვის უკვე 160 სახეობის ღვინოს ვაერთიანებთ, თუმცა წლის განმავლობაში, კიდევ იგეგმება ახალი სახეობების დამატება. ქართული ღვინის ფასი 8 ევროდან 28 ევრომდე მერყეობს. მომხმარებელი გვყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით - ჩვენთან სპეციალურად ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან. მაღაზიის პოპულარობა იზრდება და, შესაბამისად, ჩვენც ყოველდღიურად ვზრდით მოცულობას“, - განაცხადა მანა ბლიკერ-ოტმერიმ.

მათი საქმიანობა მხოლოდ ღვინის გაყიდვით არ შემოიფარგლება. მაღაზიაში მოწყობილია „ქართული კუთხე“, სადაც წარმოდგენილია ქვევრი, საწნახელი და სხვადასხვა ქართული ატრიბუტი, ხოლო დეგუსტაციებზე სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად გაიცნონ საქართველოს ღვინის კულტურა და ტრადიცია.
„ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე, თავად ვარჩევთ იმ ღვინოებს, რომლებიც მაღაზიაში მოხვდება. მომხმარებლების გემოვნებას ვსწავლობთ. მაგალითად, ქარვისფერი ღვინო განსაკუთრებით რთულად აღსაქმელია ჰოლანდიელი მომხმარებლისთვის, თუმცა ჩვენ მაინც არ ვნებდებით. კულტურული სხვაობის მიუხედავად, მაინც გვყავს ერთგული მომხმარებელი“, - ამბობს ის.




























