მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი კარდიოქირურგები რომ მებრძოდნენ, ეკატერინე ტიკარაძემ დამიჭირა მხარი - ანზორ მელია

608ab3eef0193
ინგა მურუსიძე
30.04.21 09:40
24430
კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია იზიარებს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლობაა, ექიმების ნაწილს ყველთვიური ანაზღაურება 300 ლარი ჰქონდეს, ნაწილს კი - 120 ათასი ლარი.

„კარდიოქირურგებს ექნებათ ალბათ ხელფასი, კორონოგრაფისტებს, რომლებიც რენტგენის ქვეშ არიან და მთელი დღე მუშაობენ, თუმცა ორდინატორებს, რომლებიც პაციენტებს დაატარებენ, 700 ლარი აქვთ ხელფასი, უფრო მეტს ვერ მივცემთ, რადგან სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული ძალიან დაბალი ფასები ოპერაციისთვის. გულის შუნტირების ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 12 500 ლარი იყო, 8000 ლარამდე ჩამოგვიწიეს.

მაშინ ვითხოვეთ, დარჩენილი თანხა გადაეხადათ პაციენტებს და ამის უფლება მოგვცეს, თუმცა თანხებს ხელფასებში ვერ გავცემთ. სახარჯი მასალები ჯდებოდა მარტო 2000 ლარი და ახლა ჯდება 6000 ლარი. შავ დღეში ვართ, შეიძლება ოპერაციები გავაჩეროთ ისეთ დღეში ვართ.

ქალბატონი მინისტრის ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენს კლინიკას ყველაფერში ხელი შეუწყო, მაგრამ ალბათ მას ის აქვს მხედველობაში, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა მართლა ძალიან დიდ ფულს იღებს“, - განაცხადა ანზორ მელიამ bm.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომლებმა ყველა სხვა გასული წლებისგან განსხვავებით, დეტალურად იციან, თუ რა ხდება კლინიკებში, რითი სულდგმულობენ და რა პრობლემები აქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერის მამა ვარ, ერთხელ არ მიგრძვნია რაიმე არასწორი. არაერთხელ იყვნენ შემოწმებაზე სამინისტროს წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს. თუმცა არიან კლინიკები, რომლებსაც სერიოზული დარღვევები აქვთ. არაკეთილსინდისიერად იქცევიან, თანამშრომლებს აფორმებდნენ პაციენტებად“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას და მიიჩნევს, რომ 125-ათას ლარიანი ხელფასი ზოგიერთი ექიმისთვის ნამდვილად ძალიან მაღალია.

“მინისტრს აქვს ყველა ინფორმაცია და ალბათ იძულებული გახდა ასეთი განცხადება გაეკეთებინა“, - აღნიშნა მან. ანზორ მელიამ გაიხსენა, როგორ დაეხმარა ეკატერინე ტიკარაძე მას, მაშინ, როცა ქართველი კარდიოქირურგები ხელს უშლიდნენ.

„ავსტრიელი კარდიოქირურგი ჩამომყავდა. ქართველი კარდიოქირურგები მებრძოდნენ და არ უნდოდათ ავსტრიელს მიეღო ლიცენზია. მაშინ ქალბატონმა მინისტრმა ვაჟკაცური ნაბიჯები გადადგა და ლიცენზია მიანიჭა ავსტრიელ ექიმს.

როცა მინისტრი გაეცნო ბიოგრაფიას, ძალიან სწრაფად მისცა ლიცენზია. ეს კაცი აქ გადმოდის საცხოვრებლად. ახალგაზრდა ქირურგებს ზრდის და ეს მინისტრმა გაითვალისწინა, სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა.

ბევრ რამეში ვეთანხმები მინისტრს, მართალია. არ შეიძლება უნამუსოდ იმუშაო და სახელმწიფო ატყუო. ექიმებს სულ ვეუბნები, სახელმწიფო ფულსაც ისევე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარს, ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს იმას, რასაც საქართველოს ბიუჯეტი უძლებს, რადგან არ შეიძლება პაციენტს ოპერაცია გაუკეთო მიუხედავად იმისა სჭირდება თუ არა. სირცხვილია“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები