მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართველი მეღვინეები, ჩინეთის ბაზრის მიმართ, ისეთი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილები, როგორც - დასაწყისში"

5c508306c7d6f
მარიამ ადამია
29.01.19 22:49
1886
„Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ქართველი მეღვინეები, ჩინეთის ბაზრის მიმართ, ისეთი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილები, როგორც - დასაწყისში“.

ამის შესახებ ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა და ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის თითქმის 2%-იანი კლების მიზეზებზე ისაუბრა.

„ქართველი მეღვინეები, ჩინეთის ბაზრის მიმართ არ არიან ისეთი ენთუზიაზმით განწყობილები, როგორი მოლოდინიც დასაწყისში ჰქონდათ, თუმცა შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს მდგომარეობა, რადგან მოკლე ვადაში სასურველი ეფექტის მიღება რთულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ვფიქრობ, ტენდენცია შეიცვლება“, - აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის: მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებისა, საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 1,8%-აა შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს ამ ქვეყანაში 198 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა 2017-ში ჩინეთში ექსპორტმა 202 მილიონი შეადგინა.
მთავარი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის კონცენტრატია. მთლიანი ექსპორტის თითქმის 80% სწორედ მასზე მოდის; მეორე პოზიციაზე ღვინოებია. გასულ წელს ჩინეთში 20 მილიონი დოლარის ღირებულების ნატურალური ღვინოებია გასული.

მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოების ექსპორტიდან გასულ წელს ქვეყანამ 11 მილიონიანი შემოსავალი მიიღო, სპილენძის ჯართის ექსპორტიდან კი - 4 მილიონი დოლარი. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალშია ასევე, სხეულის ხელოვნური ორთოპედიული ნაწილები, მსუბუქი ავტომობილები, ეთილის სპირტი, თხილი, ფარმაცევტული პროდუქცია, ასევე ბამბა და ბინტი.

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ის გასულ წელს თითქმის 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და 834 მილიონს მიაღწია. პირველ ადგილზე გამომთვლელი მანქანებია, რომელთა იმპორტმაც გასულ წელს 41 მილიონი დოლარი შეადგინა, ტურბორეაქტიული ძრავები - 38 მილიონი დოლარით მეორე პოზიციაზეა, მესამეზე 35 მილიონი დოლარით - ნაგლინი.

საიმპორტო პროდუქციის ათეულშია, ასევე, რეზინის პნევმატური სალტეები, საჰერო კონდიცირების მოწყობილობები, პოლიეთერები, რეზინის ძირიანი ფეხსაცმელი, ნათურები, სატელევიზიო აპარატურა და ტრანსფორმატორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები