25-27 სექტემბერს, თბილისმა პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლა. მონაწილეობას 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი და 600-მდე დელეგატი, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები იყვნენ.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარაძიუდოისტებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს და კვარცხლბეკის მწვერვალზე ორჯერ ავიდნენ: საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ.) და ლევან გუგავამ (J2, 81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო რევაზ ჩიკოიძის (J2, +95 კგ.) ანგარიშზე ვერცხლის მედალია.
კვარცხლბეკზე მყოფ საბა ბაღდავაძეს ემოციების შეკავება გაუჭირდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ტიტული ბრწყინვალედ დაიცვა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს (შეგახსენებთ, პირველად იგი ოქროს მედალს გასული წლის მაისში, ასტანაში დაეუფლა).
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ევროპის ორგზის ჩემპიონის, ლევან გუგავას გამოსვლა - ფინალურ შეხვედრაში მან ყაზახი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ისტორიული ტრიუმფი გუნდურ შეჯიბრში
ინდივიდუალური წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ოქროს ფურცელი ჩაწერა ქართული სპორტის ისტორიაში - ჩვენი გუნდი პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ჯერ ბრაზილიას სძლიეს (4:1), ნახევარფინალში მონღოლეთის ნაკრებს შანსიც არ მისცეს (4:0), ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრები 4:2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო არენაზე რეგულარულად ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს, იგებენ ოქროს მედლებს და საქართველოს სახელს მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ. თუმცა, ტურნირების დასრულების შემდეგ, მათი შთამბეჭდავი ისტორიები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით წამოიწყო მასშტაბური კამპანია, რომლის მიზანიც პარალიმპიელებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში სხვა ბრენდების ჩართვაა.
ინიციატივაში უკვე 15 ბრენდი ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების უნიკალური ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკითაა გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია, სადაც მთავარი კითხვა ჩნდება: “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა – “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არამხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ინიციატივას უკვე შემოუერთდა 15 ბრენდი. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება ამ გამოწვევაში“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
























