რუსუდან წერეთელმა 7 მარტს, მერილენდის შტატში, ბალტიმორის სასამართლო შენობაში კონსტიტუციაზე ფიცი დადო. შესაბამისად იგი ერთ-ერთი ქართველი ქალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოტარიუსად დაამტკიცეს და მერილენდის გუბერნატორის, ლერი ჰოგანის მიერ დამოწმებული ნოტარიუსის ლიცენზია გადასცეს.
„ნოტარიუსობა ჩემი მესამე პროფესიაა და დამატებითი შემოსავლის წყარო“ - აღნიშნავს ქალბატონი რუსუდანი businesscontract.ge-სთან საუბარში.
გარდა ამ წარმატებისა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რუსუდან წერეთლის კარიერული გზა ნოტარიუსობამდე. ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრალურზე ჩაებარებინა, თუმცა მისი პირველი პროფესია ჟურნალისტიკაა, 2004 წლიდან კი „ნეიმენის“ სახელობის სტიპენდიანტი სწავლას აგრძელებს „ჰარვარდის“ უნივერსიტეტში, საჯარო პოლიტიკის „ჯონ კენედის სახელობის მმართველობის სკოლაში“.
„მე პირველი ვარ დღემდე, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან (რუსეთის გარდა), რომელიც „ჰარვარდმა“ ამ კონკრეტული - „ნეიმენის“ სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა“- აღნიშნავს რუსუდანი. შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და „გადასხვაფერდა“ მასში... რადიკალურად იცვლის პროფესიას, ჟურნალისტიკიდან კომპიუტერულ მეცნიერებაში მიდის, სადაც ასევე სპეციალური ლიცენზიის მოპოვებით სერთიფიცირებული,ლიცენზირებული ხარისხის მმართვის უზრუნველყოფის სპეციალისტი ხდება... ამჟამად სწორედ ეს გახლავთ რუსუდან წერეთლის ძირითადი პროფესია და სამედიციონო -ტექნოლოგიურ კორპორაციაში “მედისოლვი”-ში მუშაობს.
„7 წელია უკვე ემიგრაციაში ვიმყოფები, სადაც მრავალპროფილიანი გავხდი და სწორედ ეს არის ემიგრაციის ხიბლი“ - აღნიშნავს რუსუდან წერეთელი. „სამწუხაროდ სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მხრივ ამერიკისა და საქართველოს შედარება წარმოუდგენელია, იმდენად უკანაა ჩვენი ქვეყანა“, ამიტომაც რუსუდან წერეთელი არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, თუმცა მუდმივად ცდილობს იმ ნიჭიერი ადამიანების დახმარებას, ვინც მიღწეულს არ სჯერდება და სურვილი აქვს კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს, „იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო, მითუმეტეს ემიგრაციაში ყოფნისას, საჭიროა დიდი ნებისყოფა, სწორი დაგეგმვა და თავდაუზოგავი შრომა.“ - აღნიშნავს რუსუდან წერეთელი.

























