მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა ექიმმა ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარიანი დრონი შექმნა - მრელაშვილი გინესის რეკორდსმენია

6419c50f81294
თინათინ ნატმელაძე
22.03.23 10:42
9149
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის, დავით მრელაშვილის მიერ შექმნილი დრონი, რომელსაც ყველაზე დიდხანს ფრენის უნარი აქვს, გინესის რეკორდებში მოხვდა.

როგორც თავად მრელაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუს დროს ყვება, საფრენი აპარატებით დიდი ხნის წინ დაინტერესდა, პილოტის ლიცენზიაც მოიპოვა და ახლა, როცა ტექნოლოგიები განვითარდა, დრონით დაინტერესება კი სულ უფრო იზრდება, გადაწყვიტა, რომ მისი ფრენის ხანგრძლივობა, რომელიც აქამდე წუთებში ითვლებოდა, საათებად ექცია.

„აღმოჩნდა, რომ დრონების შექმნის პროცესში ძალიან ბევრი ენერგია იკარგებოდა, მარტივი მათემატიკური გამოთვლებით კი აღმოჩნდა, რომ ამის გაუმჯობესება შეიძლებოდა, რაც აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული და არცერთ წონით კატეგორიაში ამაზე დიდხანს დრონი არ დაფრინავდა.

რაც შეეხება ჩემ მიერ შექმნილი დრონის ზომას - მაღაზიაში რომ იყიდება იმ დრონებთან შედარებით დიდია, თუმცა იმ დრონებთან შედარებით, რომელსაც კონკურენციას უწევდა, ყველაზე პატარა იყო, რაც დიდი უპირატესობაა, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია დრონი, მით უფრო მეტი ბატარეიკა სჭირდება.

ყველაზე მცირე დრონის კატეგორია, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდებზე წარადგინო, არის 5 კილოგრამის ქვევით, ამ დროს კი მაქსიმალურად ცდილობენ მოცულობა ბოლომდე გამოიყენონ, იყოს 4.900, რაც შეიძლება მეტი რესურსი და ნაწილი გამოიყენონ და ა.შ. ჩემი დრონის წონა კი 3.800 იყო და ამ დრონმა აჯობა ყველა დრონს, რომელიც 20 კილოგრამამდე იყო, მისი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 17 წუთი იყო, მეტიც შეეძლო, მაგრამ დავსვით, ტყუილად რესურსი აღარ დავხარჯეთ“, - განაცხადა დავით მრელაშვილმა.


მისივე თქმით, დრონის შექმნა იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც ის ბიუროკრატიული პროცესები, რომელიც გინესის რეკორდების ორგანიზაციაში დასჭირდათ, მრელაშვილი ამბობს, რომ პროდუქტი გასული წლის ივნისში უკვე მზად იყო, თუმცა ნახევარი წელი სწორედ ამ პროცესებს დასჭირდა.

კითხვაზე, რომელი სფეროს მომსახურებების გაუმჯობესება შეუძლია დიდხანს ფრენის უნარის მქონე დრონს, ექიმი გვპასუხობს, რომ მისი გამოყენება ყველა საქმიანობაში შეიძლება, დაწყებული ამანათების მიწოდებით, ისე საზღვრის კონტროლით, რადგან დიდხანს ფრენა უფრო შორ მანძილზე გადაფრენას გულისხმობს.


დავით მრელაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სამომავლო გეგმა საქართველოში ამ პროდუქტის გამოყენებით აგრო სფეროს განვითარებაა.

„მინდა, რომ საქართველოში აგრო-დრონების მიმართულება განვავითარო. რამდენიმე თვეში პრეზენტაციას გავუკეთებ კომპანიას, რომელსაც თავად შევქმნი და რომელიც სწორედ ამ საქმით დაკავდება საქრთველოში, პროფესიონალების გუნდი უკვე შემოკრებილი მყავს და მათი საქმიანობა იქნება როგორც დრონების შექმნა, ისე დისტრიბუცია და მომსახურების სერვისი შეთავაზება, რადგან შესაძლებელია, რომ ფერმერს არ უნდოდეს მისი თავად მართვა და გამოყენება, ამიტომ მას შეეძლება, რომ მხოლდო სერვისი მიიღოს.

ამ საქმიანობას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს - ფერემერებს შეეძელბათ ვიზუალური ინსპექციის გაკეთება აგრარულ მონაკვეთებში, მისი სხვადასხვა წამლით დამუშავება, რომელცი ახლა ხელით ხდება და ა.შ.“, - განმარტავს დავით მრელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები