ქართველმა მოზარდებმა სამაჯური შექმნეს, რომელიც ტელეფონს ხელის მოძრაობით, მუხტავს. პროექტი გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებული გახდა და ამერიკაში Intel Isef-ზე წარსდგა.
გიორგი შელეგიას და ამირან აფციაურის გამოგონების სახელწოდებაა Follow me.
"ჩვენი გამოგონება დაფუძნებულია ელექტრომაგნიტური ველის ინდუქციაზე, სპილენძის ხვიები და მაგნიტები გამოვიყენეთ და ეს ხვიები მოძრაობისას გადაიქცევა ენერგიად", - ამბობს ამირან აფციაური "საქმიან დილასთან“ საუბრისას.
ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებლები ამ ეტაპზე მოწყობილობის პატენტზე ელოდებიან პასუხს. ამერიკის გამომგონებელთა კონკურსში მსოფლიოს მილიონზე მეტი სკოლიდან იყვნენ წარდგენილი მოსწავლეები. ფინალში კი ქართველ მოსწავლეებთან ერთად 1000-ზე მეტი გამომგონებელი მოხვდა. უახლოეს პერიოდში გამომგონებლები საკუთარი მოწყობილობის დახვეწას გეგმავენ. ამ ეტაპზე ის ქამარისა და სამაჯურისგან შედგება, რომლის დიზაინიც სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი, სამომავლოდ კი გამომგონებლები მხოლოდ სამაჯურის დატოვებას გეგმავენ.

























