ქაშმირში, პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ნაწილში მთავრობამ ყველანაირი რელიგიური სემინარი 10 დღით შეაჩერა. უფლებამოსილი პირები ამის მიზეზად ინდური მხარისგან მოსალოდნელ სამხედრო იერიშს ასახელებენ, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ტურისტებზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.
ისალამბადის თქმით, სანდო სადაზვერვო ოპერაციით დგინდება, რომ ინდოეთი სამხედრო ოპერაციის წამოწყებას გეგმავს, რადგან ნიუ-დელი მიიჩნევს, რომ ტურისტებზე თავდასხმა პაკისტანის ისლამისტურ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფმა მოქალაქეებმა განახორციელეს.
როგორც პაკისტანის ქაშმირის რელიგიური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა Reuters-თან განაცხადა, უსაფრთხოების უწყებებს აქვთ საფუძვლიანი შიში, რომ ინდური ძალები მიზანში რელიგიურ სემინარებს ამოიღებს და მათ "სამხედრო საწვრთნელ ბაზებად" შერაცხავს.
თუმცა Reuters-ის მიერ ქაშმირის მოქალაქეებისთვის გაგზავნილ საგანგებო შეტყობინებაში სემინარების დახურვის მიზეზად ცხელი ამინდი სახელდება.
"ამჟამად ორ ცხელ კერას ვებრძვით: ერთი, ამინდისგან და მეორეც - (ინდოეთის პრემიერ-მინისტრ) მოდისგან", - ასე განმარტა რელიგიური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნული შეტყობინება. მისივე თქმით, თავდასხმის რისკები საგანგებო გაფრთხილებაში ნახსენები არაა, პანიკის თავიდან აცილების მიზნით.
პაკისტანის ოფიციალური პოზიციაა, რომ ინდოეთის მხრიდან ნებისმიერ სამხედრო ნაბიჯს, შესაბამისად უპასუხებს.
პაკისტანის ადმინისტრირებულ ქაშმირში 445 სემინარიაა რეგისტრირებული, რომლებშიც ჯამურად 26 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. სემინარიები ისლამური საგანმანათლებლო დაწესებულებებია, რომლებიც რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმართება და სტანდარტული სკოლის ალტერნატივადაც განიხილება.
ცნობისთვის, გასულ კვირას ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ტერიტორიაზე, ტურისტულ დასახლება პაჰალგამში ტურისტებზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.