ყატარის სახელმწიფო ავიაკომპანია Qatar Airways-ი კორონავირუსთან მებრძოლ ჯანდაცვის მუშაკებს 100 000 უფასო ბილეთს ურიგებს. ამის შესახებ CNN წერს.
„თქვენმა უდიდესმა საქმიანობამ და წარმოუდგენელმა მედეგობამ მოგვცა იმედი ამ გაურკვევლობის პერიოდში“, – წერს ავიაკომპანია მიმართვაში.
ავიაკომპანიის შეთავაზების მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკებს აქვთ შესაძლებლობა ორმხრივი ავიაბილეთით უფასოდ ისარგებლონ მათთვის და მათი თანამგზავრისთვის.
გარდა ამისა, Qatar Airways-ი დოჰას საერთაშორისო აეროპორტში მდებარე „დუთი ფრის“ მაღაზიებში 35%-იან ფასდაკლებას აწესებს. ჯანდაცვის მუშაკებმა სპეციალური განაცხადის ფორმა ონლაინ უნდა შეავსოს, რათა ვაუჩერის კოდი მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-მა პანდემიის პერიოდში 30 მიმართულებით შეინარჩუნა რეისები. გასულ კვირას კი განაცხადა, რომ მაისის ბოლომდე 52 მიმართულებამდე გაზრდის ფრენებს, ხოლო ივნისისთვის 80 მიმართულებამდე.