მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქათმის ხორცის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - 1 კგ-ის საშუალო ფასი $1.6-ია | საიდან შემოგვაქვს?

ქათმის ხორცი

2025 წელს საქართველომ 122 მილიონ 516 ათასი დოლარის ღირებულების 82 289 ტონა ქათმის ახალი, გაციებული ან გაყინული ხორცი შეიძინა. პროდუქტის იმპორტის ღირებულება 12.4%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 13.6%-ით.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული გაყინული პროდუქტის საშუალო ფასი გასულ წელს 1 კგ-ზე 1.5 დოლარი იყო, რაც თითქმის 2024 წლის ანალოგიურია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ქათმის ხორცის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ შესყიდვები მზარდია.

შინაური ფრინველის ხორცის და კვების სუბპროდუქტების ძირითადი მომწოდებელი ჩინეთია, საიდანაც 1 კგ იმპორტირებული ხორცის საშუალო ფასი 1.6 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ქათმის ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ხორცის ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იმპორტირებულ ხორცზე კვოტირების დაწესება. რევაზ ვაშაკიძის თქმით, ჩინეთიდან ქათმის მკერდის ხორცი ძალიან დაბალ ფასად 4 ლარად შემოვიდა, რამაც დიდი პრობლემა გაუჩინა მწარმოებელს.

ქათმის ხორცის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით, ყველაზე იაფად ქათმის ხორცი აშშ-დან, ყველაზე ძვირად კი უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის.

ქათმის ხორცის TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ჩინეთი - $41.3 მლნ, 24 569 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.6;
  2. უკრაინა - $15.8 მლნ, 9 042 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.7;
  3. ბრაზილია - $14.5 მლნ, 10 819 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.3;
  4. თურქეთი - $14.2 მლნ, 9 602 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.5;
  5. აშშ - $14 მლნ, 11 986 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.1;
  6. ნიდერლანდები - $5.4 მლნ, 4 081 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.3;
  7. საფრანგეთი - $4 მლნ, 3 047 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.3;
  8. ბელგია - $3.4 მლნ, 2 590 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.3;
  9. გერმანია - $2.5 მლნ, 1 903 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.3;
  10. რუსეთი - $1.9 მლნ, 1 115 ტონა; 1 კგ-ს საშუალო ფასი - $1.7;

ამ ქვეყნების გარდა ქათმის ხორცს მცირე მოცულობით დანიიდან, ფინეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან და კანადიდან ვყიდულობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები