„ლარის კურსის გაუფასურების გამო, ქათმის კვერცხი 4%-ით გაძვირდა, უახლოეს დღეებში კი ქათმის ხორცზეც მოიმატებს ფასი“, - ამის შესახებ Bm.ge-ს "საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, გუშინ კვერცხის მწარმოებლებმა სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქცია უკვე გაზრდილი ფასით მიაწოდეს, კერძოდ, კვერცხზე ფაბრიკიდან გასაყიდმა ფასმა 1,5 თეთრით მოიმატა. მალე კი ქათმის ხორციც გაძვირდება, ზრდა აქაც სავარაუდოდ 4-5%-ის ფარგლებში იქნება.
,, გუშინ უკვე ახალი ფასით გავუშვით კვერცხი ქსელში. პირველი კატეგორიის კვერცხის ფასი (ფაბრიკიდან დისტრიბუციაზე გასაცემი) ყუთზე 108 ლარს შეადგენდა და 114 ლარი გახდა. ყუთში 360 ცალი კვერცხია, ანუ კვერცხის ფასმა 1,6 თეთრით მოიმატა. ამის მიზეზი კი უპირველესყოვლისა ლარის კურსის ზრდაა, რადგან ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 80% იმპორტზე მოდის. ანუ, ფრინველის საკვები, თვითონ მეკვერცხული მიმართულების წიწილაც უცხოეთიდან შემოგვაქვს, ერთდღიანი წიწილი გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და თურქეთიდან შემოგვყავს. რაც შეეხება საკვებს, მარცვლეული - ხორბალი, სიმინდი, თითქმის მთლიანად რუსეთის არის, მზესუმზირის შროტი უკრაინიდან შემოგვაქვს, სოიო - არგენტინიდან და ბრაზილიიდან, შესაფუთი მასალები კი თურქული, ან ირანულია. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ჩვენზე უკვე აისახა და კვერცხი დაახლოებით 4%-ით გაძვირდა, გარდაუვალია ქათმის ხორცის გაძვირებაც. ერთადერთი შეღავათი, რაც სახორცე მიმართულებას აქვს, არის ის რომ სადედე ჯგუფი საქართველოში გვყავს და მეხორცული მიმართულების წიწილში ეროვნულ ვალუტას ვიხდით, დანარჩენი აქაც იგივეა“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა Bm.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურების გარდა, მეორე მიზეზი, რამაც მეფრინველეობის პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალი გახადა, მარცვლეულის გაძვირებაა.
,, შარშან კილოგრამი მარცვალი 47-48 თეთრი ღირდა, ყველაზე კარგი ხარისხის - 50 თეთრი, დღეს კი მისმა ფასმა 62-63 თეთრს მიაღწია, ანუ თვითონ საკვები ბაზაც გაგვიძვირდა. გარდა ამისა, მოლოდინებია ძალიან ცუდი, რადგან საუბარი იყო, რომ სახმელეთო ტრანსპორტით მარცვლეულის შემოტანა უნდა აკრძალულიყო. ეს გადაწყვეტილება კი შეჩერდა დროებით და მთავრობა იძახის, რომ ერთი წლით გადაავადა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერად ითქვა და არსად მინახავს წერილობითი ბრძანება... შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა მთავრობამ გადაიფიქროს, კვლავ რჩება, რაც კიდევ უფრო გააძვირებს მარცვლეულს“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.