"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა საკუთარი ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს.
TI-ს კვლევის ფარგლებში 20-ზე მეტი დეკლარაცია იქნა შესწავლილი, რომელთაგან 8 შემთხვევაში თანამდებობის პირებს არასრულად აქვთ ინფორმაცია მითითებული.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოვლინდა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ერთი შემთხვევა, რაც შესაძლო კანონდარღვევაა და საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.
შუქრი თურმანიძე ქედის საკრებულოს თავმჯდომარე - შუქრი თურმანიძეს 2017 წლის 29 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ 100%-იან წილს ფლობს შპს „ექსპრეს-გარანტში.
რომან დავითაძე - ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძეს 2018 წლის 21 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე, ნონა თებიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1577კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეა.
არჩილ გორგილაძე - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - არჩილ გორგილაძეს 2018 წლის 22 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული დედის, მზია ნაკაშიძის საკუთრებაში არსებული 15.39 კვ.მ. ფართი ქედაში, აბუსერიძის ქუჩაზე.
ტარიელ მანველიძე - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე - ტარიელ მანველიძეს 2018 წლის 5 მარტს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი ფლობს 2036 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქედაში, სოფელ მოსიაშვილებში.
გურამ ბერიძე ქედის მერის მოადგილე - გურამ ბერიძეს 2018 წლის 19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ შპს „ბეტას” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რაც TI-ის ინფორმაციით, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
კანონის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

























