"აგროჰაბში" მაქსიმალური ქეშბექი 20%-ია. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.
"ქეშბექებს რაც შეეხება, ჩვენს შემთხვევაში არის 3-დან 20%-მდე და ეს ქეშბექი სრულად მიმართულია ფასდაკლებებზე", - აღნიშნა მან.
გიორგი ჯაშიაშვილმა "აგროჰაბის" ბიზნეს მოდელზეც ისაუბრა, რომელიც არაერთ მიმართულებას, მათ შორის საკუთარ წარმოებას აერთიანებს.
"აგროჰაბი დაარსდა 2016 წელს, წარმოდგენილი ვართ 9 ფილიალით, აქედან 3 გავხსენით შარშან. ჩვენი ქსელის ყოველდღიური მომარაგება ხდება ჩვენივე ცენტრალური წარმოებიდან. ჩვენ არ ვართ კლასიკური რიტეილერები, გვაქვს წარმოებაც, რითეილიც, საკუთარი ფერმები, სათბურები, აგრარული, ფერმერული მიმართულებაც გვაქვს. ასეთმა ბიზნეს მოდელმა განაპირობა, რომ ჩვენი გაყიდვების 40% ჩვენივე ნაწარმოებ პროდუქტზე მოდის. ჩვენი ბრუნვის 25% მოდის გლეხებისგან შესყიდულ ხილ-ბოსტნეულზე და ხორცხე, ხოლო დანარჩენ 35% არის FMCG მიმართულება, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, აქედან 5% უკავია ჩვენს საკუთარ იმპორტს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან", - აღნიშნა მან.




























