სუპერმარკეტების ქსელ „უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური სადისტრიბუციო კომპანიებსა და რიტეილ სექტორს შორის არსებულ „ქეშბექების“ პოლიტიკას აკრიტიკებს. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ბიზნესმენმა განმარტა, რომ ბაზარზე ფასების ფორმირებას არა ქსელები, არამედ მომწოდებლების მხრიდან არსებული კონკურენცია განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" ფასწარმოქმნის ჯაჭვის ყველა რგოლი აღნიშნავდა რომ "ქეშბექი" განპირობებულია სუპერმარკეტების ქსელების მოთხოვნით.
მისი თქმით, ე.წ. „ქეშბექი“ სინამდვილეში დისტრიბუტორების მიერ შეთავაზებული სქემაა, რომლის მიზანიც ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარება და კონკურენტი კომპანიების ჩამოშორებაა.
„ვადევნებდით თვალყურს [ფასების კომისიის] სხდომებს და მინდა, რამდენიმე საკითხს გავუსვა ხაზი. ყველაზე აქტიურად „ქეშბექების“ საკითხი დგას, რომლითაც სადისტრიბუციო კომპანიები აპელირებენ. ხშირ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში. ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს. მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან და ეს „ქეშბექებიც“ თავად დისტრიბუციისგან გამომდინარეობს.
არ მინდა ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული ყოველი „ქეშბექი“ და ფასდათმობა, თავის მხრივ, მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას გულისხმობს. თუ რომელიმე დისტრიბუცია გარკვეულ ფასს ან კომერციულ პირობას გაძლევს, ტყუილად არავინ იძლევა ამ „ქეშბექს“. მის უკან დგას განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს დიდ ქსელებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ ფასის ზრდას იწვევს.
ზოგადად, ჩემი შეხედულებით, „ქეშბექი“ შეფარული ფასდაკლებაა. კონკრეტულად, კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომლებსაც დისტრიბუტორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელისთვის, ამიტომ „ქეშბექის“ ჭრილი ბუნდოვანია. ამას ნებისმიერი ადამიანი, რომელიც RS-ზე შევა, ვერ გაიგებს. კომერციული პირობა უცნობია და ეს მათივე შემოთავაზებული სქემაა, თორემ ჩემთვის, მაგალითად, სულერთია, „ქეშბექს“ მოვთხოვ თუ ფასდაკლებას. მე კონკრეტული დანარიცხი უნდა გავაკეთო იმ პროდუქტზე“, - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.
ცნობისთვის,ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.
ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.




























