მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქეშბექის“ 80% თაროზე ფასის შემცირებას ხმარდება - „კარფურის“ დირექტორი

დავით ქარქაშაძე

"ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ განაცხადა, რომ რიბეითის [ქეშბექის] 80% პროდუქციის თაროს ფასის შემცირებას ემსახურება. მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს პროდუქციის ხელმისაწვდომობას და კომპანიას მუდმივად აქვს ფასების კონტროლი ისეთ ძირითად პროდუქტებზე, როგორებიცაა შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პური და ბრინჯი.

„ჩვენი კომპანია „კარფური“ ბაზარზე შემოვიდა 2012 წელს. ბაზარზე შემოსვლისას შემოვიტანეთ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც ოპერირებს რითეილერი ორგანიზებულ ბაზარზე, ეს გულისხმობს დისციპლინას, მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურ დაცვას, ადგილობრივი მეწარმეების ინტერესების დაცვასა და გაძლიერებას. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებთ.

"კარფურის“ კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც აქ ცნობილია როგორც ე.წ. ქეშბექი. ეს „რიბეითი“ ერთი მხრივ წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ვუწევთ მომწოდებლებსა და მწარმოებლებს. ამავე დროს, ამ „რიბეითებს“ ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი. შესაბამისად, ამ თანხის 80% უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე", - განაცხადა ქარქაშაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიას დაწესებული აქვს მუდმივი კონტროლი ე.წ. „სენსიტიურ კალათაზე“, რომელიც მოიცავს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პური და ბრინჯი. დირექტორის თქმით, 40-ათასიანი ასორტიმენტიდან სწორედ ამ ჯგუფზე კეთდება აქცენტი, რათა პროდუქცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.

"ამ თვალსაზრისით, ჩვენი სრული ასორტიმენტიდან, რომელიც დაახლოებით, 40 ათას ერთეულამდეა, გამოყოფილი გვაქვს ულტრასენსიტიური და სენსიტიური კალათა, ეს არის ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომლებზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ეს პროდუქტებია: შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პასტა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

დღეს კომისიის სხდომაში მონაწილეობას იღებენ FMCG სექტორის მსხვილი კომპანიები: „კარფური“, „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა“ და „დეილი ჯგუფი“. სხდომის გაცხადებული მიზანია ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები