მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქეშბექის" გაუქმება ბევრ ქაოსს გამოიწვევს - "უნივერსამის" დამფუძნებელი

იოსებ ღუდუშაური

„უნივერსამის“ დამფუძნებელი, იოსებ ღუდუშაური აცხადებს, რომ სავაჭრო ქსელებში „ქეშბექის“ სისტემის სრულად გაუქმებამ, შესაძლოა, ბაზარზე ქაოსი გამოიწვიოს. ამის შესახებ მან "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განაცხადა.

მაღაზიათა ქსელის დამფუძნებლის განცხადებით, აუცილებელია "ქეშბექის" გარკვეული „სიღრმეების ჩაკეტვა“, რაც სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ქსელებში გაღებულ დანახარჯებს გულისხმობს.

ბიზნესმენის განმარტებით, დღეს ბაზარზე არსებობს პრაქტიკა, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიებს სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის განსხვავებული ფასები აქვთ დაწესებული, რაც პროცესს გაუმჭვირვალეს ხდის.

ჩემი გადმოსახედიდან "ქეშბექის" გაუქმება ცოტა ბევრ ქაოსს გამოიწვევს, რაღაც სიღრმეები უნდა ჩაიკეტოს, ოღონდ აქ შემდეგ ფასის კონტროლია მნიშვნელოვანი. ვისთვის რა იქნება პრაისი? მე ჩემი სადისტრიბუციო კომპანია მქონია, რომლისთვისაც შესაძლებელია, რომ ორი პრაისი არსებობდეს და ასეთი პრაქტიკაში შემხვედრია როდესაც ქსელებს აძლევს ერთი ფასით, ხოლო სხვა მომხმარებელს სხვა ფასით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

იოსებ ღუდუშაური გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ფასის ფიქსირება, რათა დისტრიბუტორს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, კონკრეტულ მაღაზიაში დაწესებულ ზღვარზე მეტი დანახარჯი გაიღოს. მისი თქმით, ეს საბოლოო ჯამში ფასების კლებას შეუწყობს ხელს.

„პრაისის ფიქსირება უნდა მოხდეს, რომ იქიდან არ შეეძლოს რაღაც X$-ზე მეტი დანახარჯის გაღება კონკრეტულ მაღაზიაში. შესაბამისად, ის ამ შემთხვევაში შეძლებს, რომ ფასი დასწიოს. თორემ იმან თუ სხვა ფასი მოსთხოვა, რა მნიშვნელობა აქვს იქიდან მისცემს 20%-ს და ის ჩემგან კიდევ 20%-ით წინ იქნება. პრაისი უნდა ჩაიკეტოს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის,ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.

ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები