სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგის" დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილი "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" აცხადებს, რომ ქეშბექის სისტემის გაუქმებამ და ბაზრის ნეტ-მოდელზე გადასვლამ, შესაძლოა, დისტრიბუტორებისა და მწარმოებლებისთვის უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს და საბოლოოდ მომხმარებლის ფასებზეც აისახოს.
მისი თქმით, ქეშბექი კომპანიებისთვის მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტი არ არის და იგი მნიშვნელოვან მარკეტინგულ ფუნქციასაც ასრულებს.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, დღეს არსებული მოდელით, ქეშბექი (რომელიც მათ შემთხვევაში 40%-ს შეადგენს) არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომლითაც დისტრიბუტორი თაროზე პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მართავს.
„ქეშბექის გაუქმების შედეგი ჩვენთვის უარყოფითი იქნება. ამ ბიუჯეტის ნაწილი პირდაპირ ფასდაკლებებზეა მიმართული. თუ გადავედით ნეტ-მოდელზე, ამის შესაძლებლობა მომაკლდება, რადგან ქსელი უკვე თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რა ფასი დაადოს პროდუქტს, უნდა ძვირად გაყიდის, უნდა იაფად“, - აცხადებს საძაგლიშვილი.
მისივე განმარტებით, ქეშბექების სისტემის გარეშე სადისტრიბუციო კომპანიები კარგავენ მარკეტინგულ ბერკეტებს, რაც, საბოლოო ჯამში, გაყიდვების კლებაში აისახება.
„შედეგად შეიძლება მივიღოთ გაყიდვების შემცირება, რაც შესაბამისად აისახება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. დღეს ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროდუქტი კონკრეტულ ფასად გაიყიდება, ნეტ-ურთიერთობის პირობებში კი ეს კონტროლი იკარგება“, - თქვა მან.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ „ნეტ-მოდელზე“ გადასვლის შემთხვევაში, ქსელების მიერ გაჟღერებული 15%-იანი ფასნამატი, შესაძლოა, ილუზორული აღმოჩნდეს. დეპუტატების შეფასებით, თუ ქსელი პროდუქტს 10 ლარის ნაცვლად 6 ლარად შეისყიდის და ძველ გასაყიდ ფასს შეინარჩუნებს, მისი რეალური მარჟა 55%-მდე გაიზრდება, რაც პირდაპირ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება.




























