მაღაზიათა ქსელ „ზღაპარის“ დირექტორის თამარ უდესიანის განცხადებით, ე.წ. „ქეშბექების“ ზრდა თავად პროდუქციის მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შედეგია და არა საცალო ქსელების მოთხოვნა. ამის შესახებ მან "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე განაცხადა.
თამარ უდესიანის თქმით, ხშირ შემთხვევაში სწორედ მწარმოებლები და იმპორტიორები სთავაზობენ საცალო ქსელებს დამატებით ბონუსებს, რათა კონკურენტი პროდუქცია თაროებიდან ამოიღონ და მათი პროდუქტი დარჩეს.
„თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ქსელს, რომ მეორე [კონკურენტი] გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების“ ასე ზრდას“, – განაცხადა თამარ უდესიანმა.
მისივე განმარტებით, „ქეშბექის“ გაუქმება პროდუქციის გაიაფებას ვერ გამოიწვევს, რადგან საცალო ქსელები ამ თანხას ხშირად ფასდაკლებებისთვის იყენებენ.
"თუ "ქეშბექი" გაუქმდება, ჩვენს ნაწილში ვერ გაიაფდება პროდუქტი იმიტომ, რომ ფასწარმოქმნის დროსვე "ქეშბექის" ნაწილი გვაქვს გათვალისწინებული და ხშირ შემთხვევაში, მეტად ბრუნვად პროდუქტებზე, "ქეშბექის" ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს.
რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლიურად ზრდას, როგორც მომწოდებლები აღნიშნავდნენ, ვფიქრობ, მანდ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს, რის წარმოებას დაიწყებს და იმპორტიორმა - რის იმპორტს დაიწყებს. არ ხდება ბაზრის კვლევა მათ მიერ. თუ ვინმე დაიწყებს პირობითად წყლის წარმოებას, ამ წყალს აწარმოებს ანალოგიურად 7 კომპანია ან აკეთებს იმპორტს. ბუნებრივია, ისინი უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.
თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ქსელს, რომ მეორე [კონკურენტი] გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების" ასე ზრდას", - განაცხადა თამარ უდესიანმა.
"ზღაპარის" დირექტორის შეფასებით, „ქეშბექების“ ზრდა ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსსაც უკავშირდება. მისი თქმით, ხშირად კომპანიები ბაზრის კვლევის გარეშე იწყებენ კონკრეტული პროდუქტის წარმოებას ან იმპორტს, რის შედეგადაც ერთი და იმავე კატეგორიაში რამდენიმე მოთამაშე ჩნდება და ერთმანეთთან ფასობრივ კონკურენციაში შედიან.
ცნობისთვის,ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.
ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.




























