მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქეშბექით" სუბსიდირებას ვუწევთ პირველადი მოხმარების საქონელს - "უნივერსამი"

უნივერსამი

"უნივერსამის" დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური ამბობს, რომ კომპანიისთვის ქეშბექი მარკეტინგული შემოსავალია, რომელსაც ასახავს იმ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, რომელსაც ვერ ადებს 16-17%-იან ფასნამატს, რომ ამ პროდუქციამ თავისი თავი შეინახოს. მან ამის შესახებ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განაცხადა, სადაც დღეს, საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, ქეშბექის პირობებში მომხმარებელი 10-თეთრიანი ფასნამატით ყიდულობს შაქარს, როდესაც 50%-იანი ფასნამატით მაღაზიაში იყიდება ალკოჰოლური სასმელი. იოსებ ღუდუშაურმა კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშიდან მონაცემებიც მოიყვანა და თქვა, რომ ქეშბექი ბრუნვის 7%-ია.

"ჯამური ბალანსით ჩემი კომპანიის მოგების წმინდა მოგება დაბეგრილი დივიდენდად შეადგენს 2.37%-ს, ანუ მთლიანი ბრუნვიდან თითქმის 2.4% მაქვს წმინდა მოგება. მიღებული ქეშბექი ჯამურად შეადგენს ჩვენს შემთხვევაში თითქმის მთლიანი ბრუნვის 7%-ს. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ქეშბექი ყველა მომწოდებელს არ აქვს, პირველადი მოხმარების პროდუქცია მუშაობს ქეშბექის გარეშე, ესენია სიგარეტი, იაფიანი ზეთი, წონის შაქარი, ფქვილი, წონის წიწიბურა, ბრინჯი, რისი ფასიც მომხმარებელმა იცის და რაც არის სენსიტიური. დანარჩენ საქონელზე თითქმის 80%-ზე აქვს ქეშბექი.

შაქრის გაყიდვიდან რომ ხარჯი 17% მაქვს, მე შაქარს 17%-ს ვერ ვამატებ. ეს რაღაცით უნდა დავიბალანსო, სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ ღვინო გაგვიიაფდება 20%-ით და შაქარი გაგვიძვირდება 10%-ით, იმიტომ რომ შაქარზე ქეშბექი არ არსებობს, მისი ფასნამატი 5-6%-ია. ჩვენ სხვადასხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით [ქეშბექით] სუბსიდირებას ვუწევთ პირველადი მოხმარების საქონელს. ანუ მე ამ ქეშბექს ვხმარობ წმინდა შემოსავალში და ვაკლებ ჯამურად ფასს.

ჩვენს შემთხვევაში ქეშბექი მოძრაობს 15%-დან 25%-მდე. დისტრიბუტორს რომ ვიღაც 50%-ს სთხოვს, მე არ ვიცი რატომ აძლევს, ჩემთვის გაუგებარია... ქეშბექი სულ რომ გაუქმდეს ჩემთვის არაფერი იცვლება, აქ დისტრიბუციას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება",- აცხადებს "უნივერსამის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები