მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქესკია": მეთხილეების მთავარი პრობლემა მაინც აზიური ფაროსანაა

5c24b5a3d7f6d
სალომე მეცხვარიშვილი
28.12.18 09:32
1089
თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია "ქესკიას" ხელმძღვანელი მარიამ კოდუა ნაწილობრივ ეთანხმება სოფლის მეურნეობის მინისტრს, თუმცა, აცხადებს, რომ დღეს თხილის სექტორში მთავარი პრობლემა მაინც აზიური ფაროსანაა. საქმე ისაა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა წლიურ შეჯამებაზე განაცხადა, რომ ამ სექტორში მთავარ გამოწვევად ფერმერების ცოდნა და ჩართულობა რჩება.

როგორც კოდუამ BM.GE-ის განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ამ პროცესში უამრავი ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც შედეგი არ იყო საკმარისი.

“ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძირითადი პრობლემა არის აზიური ფაროსანა, რასაც დაემატა კლიმატური ცვლილებები და აქედან გამომდინარე, მოიმატა სოკოვანი დაავადებების სიხშირემ. ჯამურად, ეს ყველაფერი მიდის ფერმერთან და მისი ცნობიერება თუ არ არის მაღალი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ვერ მოუვლის. თუ ფერმერს ეცოდინება, თხილს როგორ უნდა მოუაროს, რა დროს შეწამლოს, რა დროს გასხვლა ჩაატაროს თუ სხვა - არც ფაროსანას ზიანი იქნება ამხელა და არც სოკოვანი დავადებების. ეს არის კომპლექსური პრობლემა.

ბევრი ფერმერია, ვისაც მოტივაცია აქვს დაკარგული, რადგან ძალიან ბევრი ღონისძიება ჩაატარა, მაგრამ იმის გამო რომ 90%-მა ხელი არ გაანძრია, მისი თხილიც გაფუჭდა. მაქსიმალურად არის საინფორმაციო კამპანია ჩასატარებელი. ერთი და ორი შეხვედრა არ არის საკმარისი”,- აცხადებს მარიამ კოდუა.

მისი თქმით, ფერმერებს ინფორმაცია ყველა არხით უნდა მიაწოდონ - როდის ჩატარდეს ღონისძიებები, მინიმალური ხარჯი რა იქნება და ა.შ. ძალიან ბევრმა არ იცის, როდის უნდა შეიტანოს წამალი, რაც დაურიგეს, რა კონცენტრაცია უნდა გააკეთოს და ა.შ.

“მესმის, რომ მინისტრი და პრემიერი ყველაფერს დეტალურად ვერ გააკონტროლებს, მაგრამ ამ ჯაჭვში ჩართულმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაითავისოს მისი წილი პასუხისმგებლობა, რაც არ ხდებოდა”,- აცხადებს მარიამ კოდუა.

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ყველა საჭირო ადგილი არ შეწამლეს, ან წამლის არასწორი კონცენტრაცია მოახდინეს, რამაც შესაბამისი შედეგი არ გამოიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები