მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და მოძრაობა აღდგა - პროექტი ₾8,5 მლნ დაჯდა

6372074960d5d
BM.GE
14.11.22 13:15
3649
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები და ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. გამოიყო შესაბამისი საავტობუსო ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ავლაბრის მოედნის სრული განახლება, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის მოწესრიგებითა და რეაბილიტაციით. ამავე პროექტის ფარგლებში, განახლდა და რეაბილიტირდა ავლაბრისა და ერევნის სკვერები - ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო განათების სისტემა და განთავსდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.

გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები