მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება - სად შეიზღუდება მოძრაობა?

6151fdac86c38
ანუკა ჯოხაძე
28.09.21 00:00
3470
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე ამბობს, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მოძრაობა ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე შეიზღუდება, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება, სადაც ასევე დროებით შეზღუდული იქნება გადაადგილება.

აბუთიძის განმარტებით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე 2022 წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს.

“პირველი მონაკვეთი, რომელიც გადაიკეტება, იქნება ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე, ისე რომ მანქანებმა იმოძრაონ წურწუმიას ქუჩისკენ. შეფერხება იქნება, რაც დისკომფორტს შეუქმნის მოსახლეობას, თუმცა ამხელა მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვანაირად ვერ განხორციელდება. შემდეგ იქნება უკვე მეორე მონაკვეთი, თელავის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩამდე. ჯერჯერობით სარეაბილიტაციო სამუშაოები ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეფერხება იყოს გადაადგილების მხრივ. აქაც გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, საჰაერო კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. მოეწყობა ბასლაინი, ახალი განათების სისტემა", - ამბობს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერი სახელდება სავარაუდო თარიღად, როცა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია DIN GROUP-მა მიაწოდა, რომელმაც ქეთევან წამებულის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განახორციელოს. როგორც კონტრაქტორი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია კომპანიას თბილისის მერიასთან ბოლო კომუნიკაციის შედეგად აქვს.

მისი განმარტებით, სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის თარიღმა გარკვეული მიზეზების გამო დროში გადაიწია.

“როგორც მოგეხსენებათ, ადგილზე სამუშაოების განხორციელება აგვისტოში უნდა დაგვეწყო. GWP-ს ველოდებოდით, ჯერ ჩვენ უნდა დავიწყოთ სამუშაოები და შემდეგ უნდა შეიცვალოს შიდა ქსელები, საუბარი მაქვს კანალიზაციასა და სასმელ წყალზე. ახლა უკვე ველოდებით თბილისის მერიას, რომ დავალების წერილი მოგვცეს, ამიტომ ვართ გაჩერებულები. ბოლოს, როგორც თბილისის მერიასთან სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რეაბილიტაციას ოქტომბრის შუა რიცხვებში დავიწყებთ”, - აცხადებს ნიკოლოზ ეპიტაშვილი, კომპანია DIN GROUP-ის დამფუძნებელი.

საერთო ჯამში თბილისის მერიას აღნიშნული გამზირის რეაბილიტაცია 6 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველი ტენდერის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერი კი გამარჯვებულად თბილისის მერიამ გაზრდილი ბიუჯეტით - 6 090 839 ლარად DIN GROUP-ი გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები