მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან წამებულის გამზირზე საავტობუსე ზოლები და მიწისქვეშა ურნები განთავსდება - მერი

61ee752711bc6
BM.GE
24.01.22 13:43
2712
თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და უკვე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის ქუჩამდე მოძრაობა გადაკეტილია და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, წყალარინების ქსელი სრულად მოწესრიგდება. გამზირზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო - ჩავარდნილი იყო მონაკვეთები და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გაივლის, ისე დავიწროებულია ტროტუარი და იმდენად ცუდ მდგომარეობაშია. გამზირი სრულად მოწესრიგდება თავისი გარე განათებებით და ტროტუარით. ასევე, განთავსდება საავტობუსე ზოლები და მიწისქვეშა ურნები, სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ეს პირველი მონაკვეთი ოთხ თვეში დასრულდება, შემდეგ კი უკვე გადავალთ სამუშაოების მეორე ნაწილზე. მთლიანობაში გამზირის რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შესრულდება.

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები