მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქირა 25-30%-ით, ზოგ უბნებში 50%-ით შემცირდა“ - მებაღიშვილი

უძრავი ქონების ასოციაცია

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის ვაჟა მებაღიშვილის თქმით, ეკონომ და მედიუმ სეგმენტში ქირის ფასი 25-30%, ზოგიერთ შემთხვევაში კი 50%-აც შემცირდა.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას მებაღიშვილმა აღნიშნა, მოთხოვნის კლება ომის შედეგად გამოწვეული ბუმის გადავლას უკავშირდება, თუმცა მისი შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება სტაბილურია.

მებაღიშვილი ამბობს, რომ აგვისტო-სექტემბერში ტრანზაქციების შემცირების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში მოთხოვნა ისევ მზარდია. განსაკუთრებით დეფიციტური კი ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის ბინებია.

„ასოციაცია 90 წევრი კომპანია ჰყავს და მათ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე და გასული თვის მიხედვით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე იყო სექტემბერში. ინვესტორი აკვირდება კაპიტალიზაციის განაკვეთს და ამის მიხედვით ხდება ხოლმე მისთვის საინტერესო აქტივის შეძენა. მონაცემებს, რასაც წინა წლის ჭრილში ვუყურებთ, ცხადია იცვლება, თუმცა ბუმის გადავლა არ ნიშნავს იმას, რომ საერთო სურათში რაიმე კრიზისი გვაქვს. ბუნებრივი პროცესია, საშიში არაფერი ხდება და ძირეულ ცვლილებას არ ველოდებით.

ის ვინც მოკლევადიან ჭრილში განიხილავდა ბინის ყიდვას რუსი თუ ბელარუსი მიგრანტებისთვის მიქირავების მიზნით, ცხადია შეიძლება მათთვის სურათი შეიცვალა, იმიტომ რომ ბუმმა გადაიარა, თუმცა ის ვინც საინვესტიციოდ, ლიკვიდურ უძრავ ქონებას განიხილავდა, მათთვის დიდად სურათი არ შეიცვლება.

ერთადერთი რაც პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვირთულებს, არის ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა. თუ იქ ძვრებია, ცხადია ეს ჩვენს ქვეყანაშიც აისახება. ემიგრანტების მხრიდან გზავნილები იკლებს და ეს ფაქტორები მოქმედებს.

რაც შეეხება ქირას, ქირის კლება 25-30%-ით არის, ზოგ უბნებში 50%-იც კი, თუმცა ეს არ ეხება პრემიუმ სეგმენტს. ჩვენი კომპანია სწორედ მათზე მუშაობს და სულ გვჭირის წესიერი უძრავი ქონების ყიდვა როგორც ყიდვით, ისე ქირით. იგივე ეხება კომერციულ ნაწილსაც, 100%-ით დატვირთულია კომერციული ფართები, მიწოდება კი მოთხოვნას ვერ ეწევა,“ - განაცხადა მებაღიშვილმა.

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ 2023 წელი სექტორისთვის სტაბილურად დასრულდება, ფასები კი მცირედ ზრდას გააგრძელებს.

„დასრულდება მშვიდად და ძირეული ცვლილებების გარეშე. დეველოპერებიც სტაბილურად უყურებენ სურათს. ფიქრობენ, რომ გაძვირება გაგრძელდება მცირედით და ეს ბუნებრივი პროცესია. კარგიც არის რომ ძვირდება, რადგან თუ უძრავი ქონება იაფდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეკონომიკაში რაღაც პრობლემაა. პროცესი კანონზომიერია, ნაწილმა მიგრანტების შემოდინება სასიკეთოდ გამოიყენა, მოკლევადიანად ბენეფიტები მიიღეს, რომელიც უბრალოდ დასრულდა,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ვაჟა მებაღიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები