„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ყოფნა თანხების მოზიდვის მიმართულებით პრობლემას ქმნიდა როგორც - მთავრობასთან, ასევე, ინვესტორებთან ურთიერთობაში.
„ასეთი ბრალდებების ფონზე, რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით ქმნიდა პრობლემას. იმიტომ, რომ როდესაც შენს წინააღმდეგ ასეთი ბრალდებებია წამოყენებულ,. რამდენადაც უსაფუძვლო არ უნდა იყოს, ჩვეულებრივ ბიზნეს გარემოში ძალიან რთულია გარკვეული მოლაპარაკების წარმოება, იქნება ეს მთავრობა თუ სხვა ნებისმიერი პირი", - განმარტა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როდესაც პირის მიმართ ასეთი ბრალდებებია წაყენებული, მან წარმოადგინოს კომპანია და შეძლოს მთავრობას და კონსორციუმს შორის მოლაპარაკებების სრულყოფილად ჩატარება.
ჟურნალისტის კითხვაზე - ლევან ახვლედიანი კონსორციუმი სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების შემოსვლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან პროექტში ცვლილებებს ხომ არ ელოდება? „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ - „მთავრობასთან მოლაპარაკებები სექტემბრის დასაწყისშივე განახლდება.
"მანამ ჩვენ ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმის კურსში ჩაყენებას და ინფორმირებას მომზადებას მოვანდომებთ. ამიტომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ ექნება თუ არა ცვლილებები. ჩვენ ვიმედოვნებთ ჩვენი დამფუძნებლების მიერ გადადგმული ნაბიჯი პოზიტიური იქნება და ხელს შეუწყობს იმ მოლაპარაკებების პოზიტიურ ჭრილში წარმართვას, რომელიც გვაქვს.“ - განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის: კონსორციუმის ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ.მაიკლ ქაუგილი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, რომელიც კონსორციუმში მამუკა ხაზარაძეს შეცვლის; თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა - „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი. კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.

























