საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მზად არიან ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შეხვედრისთვის, სადაც სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კომპანია White&Case LLP მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ქობულიამ გადაცემაში "Forbes კვირა" საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე გავლენაც შეაფასა. კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ხმაური" როგორ აისახება ამ მიმართულებით.
"ანაკლიასთან დაკავშირებით, არამართებული, არასერიოზული იქნება რომ ვთქვა, რომ ამან არანაირი ზემოქმედება არ იქონია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი ამ სიტუაციებს. მიუხედავად იმისა, ვინ არის მართალი და ვინ – არა, რაც რა თქმა უნდა, ყოველთვის რთული გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციები არ ახდენს პოზიტიურ გავლენას (ქვეყნის) რეპუტაციასა და იმიჯზე და იწვევს განსაზღვრული ინვესტორების შეწუხებას", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო სააგენტოს მიერ, მომსახურების შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით White&Case LLP–სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში ასევე მოცემულია მუხლები, რომლებიც სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მოიცავს.

























