მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია: "ეს არ არის გასხვისება - ესაა კერძო სექტორის დაშვება რკინიგზის სავალ ნაწილზე"

5c1b825230074
თათია ჩაფიჩაძე
20.12.18 15:49
1031
„საქართველოს რკინიგზის სავალი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მოძრავი შემადგენლობის ოპერირებაში კი, შესაძლოა, კერძო კომპანიები ჩაერთონ“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ tv “პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„როგორც მე არაერთხელ მითქვამს, ჩვენ არ ვაპირებთ რკინიგზის სავალი ნაწილის გასხვისებას. ეს სტრატეგიულად დარჩება სახელმწიფო მფლობელობაში; რაზეც იყო ლაპარაკი და რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ეს არის კერძო კომპანიების დაშვება მოძრავი შემადგენლობის ოპერირებაში. ეს რას ნიშნავს? - ანუ იქნება კერძო კომპანიები, ვთქვათ ვაგონების პარკთან დაკავშირებით, ვაგონის პარკის ოპერატოები, ან ლოკომოტივის ოპერატორები. ანუ იქნებიან კერძო კომპანიები, რომლებიც მიიღებენ შეკვეთებს, გადაზიდავენ ტვირთებს და ისარგებელებენ სახელმწიფოში არსებული სავალი ნაწილით. ეს არ არის გასხვისება. ეს არის კერძო სექტორის დაშვება ჩვენი რკინიგზის სავალ ნაწილზე“, - განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ეს საქართველოს რკინიგზის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„რას მოგვიტანს ეს - ეს შექმნის კონკურენციას. წარმოდიგინეთ, დღეს არის მხოლოდ ერთი საქართველოს რკინიგზა, რომელიც აწარმოებს ტვირთების გადაზიდვას, მათ ჰყავთ ვაგონები, ლოკომოტივები და ყველა ტვირთი მხოლოდ მას გადააქვს რკინიგზაზე. ეს ალბათ ყველასთვის გასაგებია, რომ არის მონოპოლისტური სიტუაცია. არანაირი კონკურენცია არ არის, არავინ ერთმანეთს არ ეჯიბრება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა დაფუძნებულია კერძო სექტორზე და კონკურენციაზე. ამიტომ ჩვენ ტვირთების გადაზიდვაზე და ამ შემთხვევაში რკინიგზაზე გვინდა შევქმნათ კონკურენცია. ეს მოიტანს იმას, რომ კომპანიები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ეფექტური იქნება, ვინ უფრო იაფად და ჩქარა გადაზიდავს ტვირთს. ეს ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი რკინიგზა გახდება ეფექტური. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ“, - განმარტა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები