ქობულიას თქმით, მან საბოლოოდ ვერ ისწავლა ეს “თამაშის წესები”, რაც მის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი საბაბიც გახდა. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ თამაშში მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად არ იყო საკეთილდღეო, მისი შეფასებით სწორი პროექტების განხორციელება კი ყოვნდებოდა.
“მე არც დღეს და არც მომავალში დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. მე არ მგონია, რომ ეს კორექტული და პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ამასთან, ზოგადად უნდა ვთქვა, რომ იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მხოლოდ არ იყო ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული, ამავე დროს პოლიტიკურადაც, ჩემი აზრით, დამაზიანებელი იყო მმართველი გუნდისთვის. ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის, სადაც არც ეკონომიკური სარგებელი იყო და პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ქართულად როგორც იტყვია, საკუთარ ფეხში ვისროდით და ეს იყო რა თქმა უნდა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. და იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები რომლებიც მე მიმაჩნდა სწორედ და მართებულად და რომელთა მიღებაც მე მიჭირდა, იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი მხარდაჭერა,”- ამბობს ქობულია.
ინტერვიუში გიორგი ქობულია ამბობს, რომ მას თანამდებობა საკუთარი ნებით არ დაუტოვებია. ექს-მინისტრი აღიარებს, რომ მას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ რომ თანამდებობდა დაეტოვებინა, რა პერიოდშიც ის ცდილობდა პარტიის მმართველი გუნდი საკუთარი ეკონომიკური ხედვის სისწორეში დაერწმუნებინა, რაც ვერ შეძლო.

























