2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან 60 მლნ ლარის მობილიზებას ელოდება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პრივატიზაციის გეგმაც 60 მლნ ლარი იყო, მაგრამ 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში პრივატიზაციიდან უკვე შევიდა, დაახლოებით, 110 მლნ ლარი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ან პესიმისტურად დაგეგმა პრივატიზაციიდან მოსალოდნელი თანხები ან აქტიურად იმუშავა სახელმწიფო ქონების გაყიდვაზე.
ამასთან, რამდენიმე თვის წინ (აგვისტოში), პრივატიზაციასთან დაკავშირებით bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ პრივატიზაციის „ძალიან აგრესიული გეგმის“ განხორციელებას აპირებდნენ.
"ჩვენ ვაპირებთ პრივატიზაციის და სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას", - აცხადებდა ქობულია.
მინისტრის ამ განცხადების და ასევე, წელს 9 თვეში გაყიდული სახელმწიფო ქონების ოდენობის ფონზე, გაუგებარია, 2019 წელს რატომ ელოდება ეკონომიკის სამინისტრო პრივატიზაციიდან მხოლოდ 60 მლნ ლარს.
Bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რომელი სახელმწიფო საწარმოების/ქონების გაყიდვას გეგმავს მთავრობა მომავალ წელს, მაგრამ კონკრეტული ობიექტების სია სახელმწიფო ქონების სააგენტოდან არ მოგვაწოდეს და აქცენტი მხოლოდ პრიორიტეტებზე გააკეთეს.
„მომავალ წელს, ისევე როგორც წინა წლების განმავლობაში, სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ტურიზმი და მრეწველობა. გაგრძელდება პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სასტუმრო-ბიზნესის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა“, - განმარტეს სააგენტოში.
გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო ქონების სააგენტოში bm.ge-ის განუცხადეს, სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბიზნეს სექტორთან და მზად იქნება განიხილოს ყველა ის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
„მსხვილი ობიექტების გასხვისების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საპრივატიზებო პირობები და სხვა დეტალები ყველა დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იქნება ცნობილი“, - აღნიშნეს ეკა სისაურის უწყებაში.
ცნობისთვის: ეკა სისასური სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის მარტიდან იკავებს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას სააგენტოში, ჯერჯერობით, საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია.

























