“ჩვენ საქალაქთაშორისო გადაყვანების თვალსაზრისით კომპლექსურ რეფორმას ვგეგმავთ”, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ავტოსადგურების ლიცენზირებას და ამ მიმართულებით შესაბამისი კანონის მიღებას შეეხებოდა.
მინისტრის თქმით, რეფორმა შეეხება როგორც - ავტოსადგურებს, ისე - გადამყვან კომპანიებს.
“როგორც ჩვენი კვლევები აჩვენებს, ჩვენი ავტოსადგურების იერსახე და ზოგიერთი ავტოგადამყვანის ხარისხი იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ჩვენ გვინდა. ეს ჩვენი ძირითადი სექტორის ტურიზმის განვითარებაში გვიშლის ხელს", - განაცხადა ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, რეფორმის გააქტიურებისთვის მიმდინარე წელს „დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული“.
“ეს ეხება არა მხოლოდ ლიცენზირებას, არამედ იმასაც, რომ დაწესებული იქნება ახალი სტანდარტები, როგორი უნდა იყოს ავტოსადგურების იერსახე და ავტოგადამყვანებში მომსახურების დონე“, - აღნიშნა მინისტრმა.
ქობულიას განცხადებით, სამინისტრო რეფორმის სტანდარტებს და საგზაო რუკას უკვე საზღვრავს, ხოლო რეფორმის დანერგვა მომდევნო ორ წელს მოიცავს.
“დანერგვის პროცესს გარკვეული პერიოდი უნდა. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება; ეს მასობრივი და ფართომასშტაბიანი რეფორმაა, რომლის დანერგვაც მომდევნო ორ წელს მოიცავს. ჩვენ თუ წლის ბოლოს დავიწყეთ, 2020 წელს დიდ ნაწილს გავაკეთებთ და 2021 წელს უნდა დავამთავროთ,” - აღნიშნა ქობულიამ.

























