ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წელს ტურისტული სექტორის შედეგები შეაჯამა და მომდევნო წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ბაკურიანმა 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
მინისტრის თქმით, აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის ადგილზე არაერთი პროექტია დაგეგმილი.
"ბაკურიანზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ ჩავატაროთ ფრისტაილის ჩემპიონატი 2023 წელს. ამისთვის დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე სპეციფიური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც შევასრულებთ," - ამბობს ქობულია.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა გოდერძისა და გუდაურის კურორტებზე და აღნიშნა, რომ წლევანდელ ზამთრის სეზონს გუდაური ახალი მასშტაბური საბაგიროთი ხვდება. გოდერძის კურორტზე კი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 9.8%-ით გაიზარდა და მან 8.6 მილიონს გადააჭარბა, ტურისტული სექტორის შემოსავალი კი, $3 მილიარდს აღემატებოდა.

























