საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას ერთი მრჩეველი ჰყავს.
როგორც bm.ge-ის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრმა მისი წინამორბედების გიორგი გახარიას და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანიშნული მრჩეველი მრჩევლად დაიტოვა და ახალი არავინ აუყვანია.
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჟან ფრედერიკ პოლსენი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველია, როგორც საერთაშორისო საკითხებში, ასევე, სამინისტროს რიგ სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით.
მას ლონდონის ეკონომიკის სკოლა აქვს დამთავრებული.
პოლსენი ეკონომიკის მინისტრის უფროს მრჩევლად გიორგი გახარიამ 2017 წლის ოქტომბერში დანიშნა. მოგვიანებით მას პოსტი დიმიტრი ქუმსიშვილმაც შეუნარჩუნა.
Bm.ge დაინტერესდა, ჰყავს თუ არა მრჩევლები ეკონომიკური ბლოკის სხვა მინისტრებს.
ფინანსთა ახალ მინისტრ ივანე მაჭავარიანს მრჩეველი არ ჰყავს.
რაც შეეხება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, ლევან დავითაშვილს ოთხი მრჩეველი ჰყავს. მათ შორისაა: დავით გრიგოლია გიორგი გიგოლაშვილი, თამაზ კუნჭულია და დავით მარკოზაშვილი.

























