"ქობულიამ თქვა, რომ რკინიგზას გეგმა არ გააჩნია, ანუ ბახტაძის საქმიანობას ხაზი გადაუსვა"
ლიკა გურაბანიძე
16.05.19 20:10
• 768
„როდესაც ქობულიამ თქვა, რომ რკინიგზას განვითარების გეგმა არ გააჩნია, მან ხაზი ბახტაძის საქმიანობას გადაუსვა,“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„თუ გეგმა არ არსებობს და 7 წელი რკინიგზის უფროსად მუშაობისას ბახტაძემ იქ ვერ დადო გეგმა, ის პრემიერ-მინისტრად არ უნდა მოიყვანო,“ - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატის განმარტებითვე, „ქართულ ოცნებას“ და გიორგი ქობულიას შორის კორუფციასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები დაინახა.
ჭიჭინაძე ასევე მიიჩნევს, რომ დღეს ძალიან ბევრი დეპუტატი ფუნქციას არ ასრულებს და ეს სწორედ გადაწყვეტილებების არმიღებაში გამოიხატება. ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია გუშინ პარლამენტის კინოდარბაზში დეპუტატების წერილობითი მიწვევის საფუძველზე მივიდა, სადაც მან 17 გვერდიანი ეკონომიკური ხედვა წარადგინა და ეკონომიკის მინისტრობის 8 თვიანი პერიოდი შეაჯამა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტში ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას ის 7 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო.