„დიდი ალბთობით, ამ <ფოთის> პორტისთვისაც, ანაკლიისთვისაც საკმარისი იქნება ტვირთები, - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია bm.ge-ის შეკითხვას იმის თაობაზე, არის თუ არა ფოთის პორტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა, რადგან რამდენადაც ცნობილია, ახალი ტერმინალის აშენების შემდეგ ფოთი ღრმაწყლოვანი პორტი ხდება.
"რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ საქართველოში გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავხდეთ ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო, ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. ჩვენი აზრით, დიდი ალბთობით ამ პორტისთვისაც (იგულისხმება ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი), ანაკლიისთვისაც საკმარისი იქნება ტვირთები. მთავარია, გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც არ არის მარტო პორტებზე დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ეს მოიცავს პორტებსაც, რკინიგზასაც და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც, რადგან ჩვენ ამ ტვირთებს არ გადავზიდავთ მხოლოდ საქართველოში. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სხვა ქვეყნების კიდევ უფრო კარგად ჩართვა", - აცხადებს მინისტრი.
„შეიქმნება მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურა, ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი“, - ამის შესახებ ინფორმაციას “პეის ჯგუფი” ავრცელებს, რომელიც ფოთის პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას.
OPIC-ის მიერ გამოყოფლი 50 მილიონი აშშ დოლარი სწორედ ახალი ტერმინალის მშენებლობას მოხმარდება.
ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

























