საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, „ეკონომიკური დესპანი პირდაპირ დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ არაპირდაპირ დაქვემდებარებაში იქნება ეკონომიკის სამინისტროსთან“.
ამის შესახებ ქობულიამ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობა კომერციული ატაშის ინსტიტუტს სახელს და შინაარსს უცვლის.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კომერციული ატაშეების მაგივრად შემოვიტანოთ ახალი პოზიცია - ეს იქნება ეკონომიკური დესპანი, რომელსაც ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია, ის უფრო კარგად იქნება ინტეგრირებული ჩვენს საელჩოებთან; ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, რომ საელჩოები პარალელურად გვქონდეს ატაშეების ინსტიტუტი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, დესპანები ინტეგრირებულები იყვნენ საელჩოებში“, - განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკური დესპანის პოზიციაზე საელჩოში უკვე არსებული კადრი დაინიშნება, მაგრამ შესაძლოა, ახლი კადრებიც დანიშნონ.
რაც შეეხება იმას, ვის დაქვემდებარებაში იქნებიან ეკონომიკური დესპანები, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ „დესპანი პირდაპირ დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ არაპირდაპირ დაქვემდებარებაში იქნება ეკონომიკის სამინისტროსთან“.

























