მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულიას პასუხი ბახტაძეს: გასაკვირია საუბარი იმაზე, რომ სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი

5ccd71657bfcd
BM.GE
04.05.19 16:00
1490

“ჩემთვის გასაკვირია იმაზე ლაპარაკი, რომ მე სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი,”- Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს ეკონომიკის ექს-მინისტრი გიორგი ქობულია. 

ქობულიამ თანამდებობა 2019 წლის 19 აპრილს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისი გათავისუფლების მიზეზის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა რომ ქობულია ტემპს ჩამორჩა. 

დღეს გიორგი ქობულია ამბობს, რომ ბახტაძის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება არის გასაკვირი. ქობულიას თქმით, ის პრინციპულად არ იღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო. McKinsey-ის ყოფილი პარტნიორი ამბობს, რომ პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, რომლებიც მას სწორად მიაჩნდა სამთავრობო ვერტიკალში გამუდმებით ყოვნდებოდა. 

“ჩემთვის გასაკვირია იმაზე ლაპარაკი, რომ მე სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი, იმიტომ რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილებების ნელი ტემპი გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, მე მინდოდა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიმეღო და ამის საშუალება ბოლომდე არ მქონდა. რაც შეეხება მუხრუჭს, დიახ ვიყავი მუხრუჭი საკითხებში რომელიც მიმაჩნდა რომ არ იყო სწორი.

მე დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ზოგადად იყო მთელი რიგი საკითხები რომლებიც იყო უფრო პოლიტიკურად დატვირთული ვიდრე შედეგზე ორიენტირებული. და მე ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი ასეთ გადაწყვეტილებებს,”- ამბობს ქობულია. 

ინტერვიუში გიორგი ქობულია ამბობს, რომ მას საქართველოს მთავრობაში არსებული დაუწერელი “თამაშის წესები” თავიდანვე უნდა შეესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება გამხდარიყო თუ არა “ქართული ოცნების” მთავრობის წევრი. 

ქობულიას თქმით, მისგან გადადგომას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რასაც ის გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა. 

“იყო თხოვნა, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მე ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ მაინც იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორე და მეგონა მივიტანდი მმართველ გუნდამდე და ამ ხედვებში დავარწმუნებდი მათ. ეს განცდა მქონდა, მქონდა ამის იმედი და მაქსიმალურად ვცდილობდი ეს გამეკეთებინა. მაგრამ როგორც დავინახეთ ბოლომდე არ გამომივიდა,”- ამბობს ექს-მინისტრი.

გიორგი ქობულიასთან სრულ ინტერვიუს უყურეთ კვირას, 10:10-ზე, გადაცემა “Forbes-ის კვირაში გიორგი ისაკაძესთან ერთად.”


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები