მინისტრის თქმით, შესაძლოა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდეს, მაგრამ ამ რეგულაციის ძირითადი პრინციპები და მიზნები უცვლელი დარჩება.
"ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვიმსჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ ძირითადად ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ამას აღვკვეთთ, უკვე აღვკვეთეთ და ამას არ გადავუხვევთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ დაკვირვების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა არის დასაკორექტირებელი. პრინციპში ამას ყველა გაიგებს და დაინახავს. ჩვენ ვთვლით, რომ პრინციპში ამაში ცუდი არაფერია, ანუ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება დღეს და ამ გადაწყვეტილებას შევინარჩუნებთ მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეაქცია ექნება ამაზე ეკონომიკას. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკის რეაქციას ვაკვირდებით და დავაკორექტირებთ, მაგრამ ვექტორები დარჩება იგივე,"- ამბობს ქობულია.
ქობულია არც იპოთეკურ სესხებთან მიმართებით უძრავი ქონების უზრუნველყოფის წესების ცვლილებას გამორიცხავს.
"როდესაც იპოთეკურ რეგულაციებში ჩავდეთ პირობა, რომ თუ ადამიანს, ვინც ყიდულობს ბინას, აქვს მხოლოდ ერთი ბინა, რომელსაც ის ყიდულობს, ამ ბინის ჩადება არ შეუძლია უზრუნველყოფაში, ჩვენ შეიძლება, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს გადავხედოთ. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, როგორც ვიცით, ცხოვრობს მშობლებთან, ისინი ყიდულობენ ბინას, ცხოვრობენ მშობლებთან. კიდევაც რომ მოხდეს რაღაც და ადამიანმა ეს ბინა დაკარგოს, ბოლოს და ბოლოს მშობელთან დაბრუნდება საცხოვრებლად. ანუ ასეთი ლოგიკური, მარტივი საკითხები დღესდღეობით განიხილება და ასეთი დაკორექტირებები შეიძლება, მოხდეს,"- ამბობს მინისტრი.
2019 წლის პირველი იანვრიდან კი, ძალაში შევიდა ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელი, რომლის შედეგადაც, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.
რეგულაციების შედეგად განისაზღვრა სპეციალური საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი. დადგინდა ერთიანი ჭერიც - იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15 წელს. კიდევ ერთი ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვაა. მოქალაქეებსა და ბიზნესებს 200,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ.
4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ლიმიტი ასეთია:
- თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
- თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);
- თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);
- თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

























