საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს კომპანია TNT-ის დირექტორის ნინო მენთეშაშვილის განცხადებას, თითქოს სამინისტრო "ფოსტის შესახებ" კანონპროექტის საბოლოო რედაქციის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენებას არ უზრუნველყოფს.
ასე გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო ნინო მენთეშაშვილის მიერ bm.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო "ფოსტის შესახებ" კანონპროექტის საბოლოო რედაქციის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენებას არ უზრუნველყოფს.
"იმ სიცრუის ფონზე, თითქოს სამინისტრო არ რეაგირებს კომპანიის მიმართვაზე და კანონპროეტქზე მუშაობა მიმდინარეობს არაგამჭვირვალედ, მენთეშაშვილი თავადვე ამბობს კომენტარში, რომ ორჯერ იყვნენ შეხვედრაზე, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილეს კანონპროექტი და შეთანხმდნენ მასში კერძო სექტორის, მათ შორის კომპანია TNT-ის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებაზე.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ და გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი არაერთხელ, დეტალურად არის გავლილი იმ კომპანიებთან ერთად, რომლებიც მუშაობენ საფოსტო სექტორში, შესაბამისად, სწორედ მათთან ერთად განხილული, მათი შენიშვნებით გათვალისწინებული კანონპროექტის ვერსია გადაეგზავნა ევროკომისიას და ველოდებით დასკვნას.
ევროკომისიასთან მიმდინარე სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, კანონპროექტი გამოქვეყნდება მხოლოდ მათი დასკვნის მიღების შემდეგ, როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე, ისე საიტზე www.dcfta.gov.ge და დადგენილი წესით საბოლოო დამტკიცებამდე ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები", - აცხადებენ სამინისტროში.