"ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე დამკვიდრება, ბიზნესისთვის არის შესაძლებლობა, თანხები დავზოგოთ", - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და PR-სპეციალისტმა, თორნიკე გურულმა განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ტიპის საქმეს მოკლე დროში ასრულებს.
"ბრენდის შექმნის დროს, როდესაც ვიზუალური ტიპის მხარეს ვაკეთებდით, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენეთ, რაც დაგვეხმარა, მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ალტერნატივა გვქონოდა", - აღნიშნა თორნიკე გურულმა.
მისი განცხადებით, საქართველოში AI, შესაძლოა, ნელი ტემპით დამკვიდრდეს და მისი წილი შრომით ბაზარზე 2024 წელს 2%-მდე იყოს. ის არ გამორიცხავს, რომ მომავალ წლებში მაჩვენებელი გაიზარდოს.
"ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება, პროცესები ნელა წავიდეს, რადგან ჩვენი საკომუნიკაციო ენა ქართულია. ქართულენოვანი კონტენტის შექმნა უფრო მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. უკვე გვხვდება ფაქტები, როდესაც ცალკეულმა კომპანიებმა ქოლცენტრის თანამშრომლები ჩაანაცვლეს, ისევე როგორც თანამშრომლების შერჩევის სპეციალისტები", - აღნიშნა მან.
ქოლცენტრის ოპერატორების გარდა, თორნიკე გურული აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანსაც შეეხება.
" ქოლცენტრები, სახელშეკრულებო თემები, იურიდიული თემები, ბუღალტრული საქმიანობა - ასეთი ტიპის საქმიანობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მარტივია. შესაძლოა, ჩანაცვლდეს როგორც მარკეტინგის, ისე იურიდიული პერსონალი. ჟურნალისტიკის მიმართულებითაც შეიძლება ფიქრი. უკვე ვნახეთ მაგალითები, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ინფლუენსერები და წამყვანები გაჩნდნენ", - განაცხადა თორნიკე გურულმა.
ხელოვნური ინტელექტი წელს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი თემა იყო. ღონისძიებაზე ითქვა, რომ AI მომავალ წლებში შრომით ბაზარზე დასაქმებულებს ჩაანაცვლებს. AI-ს პოტენციალზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვლევითი ანგარიში მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაოების 40%-ში ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს.