"PSP დაზღვევაში" გასული წლის სამი კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ქონების დაზღვევაზე სექტორის ჯამურად მოზიდული პრემიების მხოლოდ 14-17% მოდის. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძის თქმით, ქონების დაზღვევის პოლისები ძირითადად იმ კომპანიებშია კონცენტრირებული, რომლებიც საბანკო სექტორთან აფილირდება და ამიტომ ამ მიმართულებითაც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების დადგენა აუცილებელია, რაზეც სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთანაც ისაუბრეს.
“ზრდის ტენდენციების ნაწილში არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა, რეალურად არ არის პოპულარული პროდუქტი. ამ პროდუქტით თუ ვინმე სარგებლობს, ეს ხშირად დაკავშირებულია ე.წ კრედიტებთან, რომელიც სავალდებულო კომპონენტს შეადგენს სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში. სწორედ აქედან გამომდინარე სადაზღვევო პროდუქტები ჩვენ რეალურად გვხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირი თავის უძრავ ქონებას აზღვევს მაშინ, როცა უძრავი ქონება იპოთეკით აქვს დატვირთული. სწორედ ამიტომ ბაზარზე ამ პორტფელის ყველაზე მსუყე ორი მოთამაშე ბანკთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები - "ალდაგი" და "თიბისი დაზღვევაა".
ბანკის მეშვეობით ხდება ამ სადაზღვევო სერვისებში ოპერირება და შესაბამისად, მოზიდვები და გამომუშავებები. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი რამ გაკეთდეს იმისთვის, რომ უძრავი ქონების დაზღვევა უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სადაზღვევო ორგანიზაციის თანაბარი კონკურენცია, რათა მომხმარებელს შეეძლოს უძრავი ქონების დაზღვევა მისთვის სასურველ სადაზღვევო კომპანიაში და ეს ყველაფერი არ იყოს მიბმული იმ ბანკთან, რომელთანაც ასოცირდება სადაზღვევო კომპანია", - ამბობს PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სოფო ლებანიძე.
ცნობისთვის, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 96 მილიონი ლარი შეადგინა, ბაზრის ყველაზე დიდი წილი "ალდაგს" უჭირავს, რომელსაც "თიბისი", "უნისონი", "ჯიპიაი" და "ირაო" მოსდევს.