ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. ყოველწლიური გადასახადი შემოსავლის მიხედვით აღარ განისაზღვრება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის კანონპროექტს უწყება, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს, ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს რეფორმის ზეგავლენის შეფასება, რასაც მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციები მოჰყვება.
„ქონების გადასახადს რაც შეეხება, ჯერჯერობით, კანონპროექტი ინიცირებული არ არის, თუმცა მზადდება და პროექტის სახით უკვე არსებობს, მიმდინარეობს მისი ზეგავლენის შეფასება, ე.წ. RIA. მთავარი პრინციპი ის არის, რომ გადასახადი არა შემოსავალზე, არამედ ქონების მთლიან ფართობზე იქნება დამოკიდებული. ეს კომპანიებისთვის გაცილების მნიშვნელოვანია და ზოგადად ეკონომიკურად უფრო სწორი მიდგომაა. ამას დეტალურად, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გავიცნობთ, მანამდე უნდა იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები სამინისტროს დონეზე, შემდეგ მთავრობაზე, იქნება საჭირო კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან და ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი, ვფიქრობ, გაზაფხულზე შეგვეძლება“, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახალი რეფორმის მიხედვით ქონების გადასახადი დამოკიდებული იქნება იმ ფართზე, რომელიც კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს ექნებათ.
"ალბათ ღირებულება დადგინდება კონკრეტული ზონების და კვადრატულობის ფასის მიხედვით. დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან საჭიროა შეფასება და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებია გასავლელი.
დღეს რა პრობლემაცაა 40 000-ლარიანი ზღვარია. ეს არ არის სწორი შეფასების მეთოდი, რადგან შესაძლოა, პირს არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში ჰქონდეს შემოსავალი, მეორე მხრივ შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ დიდი ქონების პატრონი იყოს, ამიტომ ქონების გადასახადი სხვა შინაარსის უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.