"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ქონების გადასახადის ზღვრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის და სამინისტრო საკითხზე მუშაობას აგრძელებს.
„ვფიქრობთ, რომ ზღვართან დაკავშირებით შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიმსჯელოთ, სანამ შესაძლებელი იქნება უფრო დიდი და ფართო მასშტაბის რეფორმის განხორციელება,“ - აღნიშნა ხუციშვილმა პარლამენტში, 2026 წლის ბიუჯეტის მეორე მოსმენით წარდგენისას.
მისი თქმით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული რეფორმა მოიცავს ბევრად უფრო ფართო კომპონენტებს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური პირის ქონების გადასახადი, და ამ ეტაპზე რეგიონებს შორის არსებული დისბალანსის გამორიცხვა შეუძლებელია.
„რეფორმა სრულად ადგილობრივი გადასახადების მიმართულებას მოიცავს, შესაბამისად, თითოეული მუნიციპალიტეტის ჭრილში გახდა საჭირო შეფასება. კვლევამ აჩვენა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლებელია იმ დისბალანსის გასწორება, რომელსაც ზოგ მუნიციპალიტეტთან მიმართებით იწვევს აღნიშნული ცვლილება,“ - განმარტა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო სრულად დაასრულებს რეფორმის ანალიზსა და ზეგავლენის შეფასებას.
ცნობისთვის, ამჟამად ქონების გადასახადი ეკისრება იმ პირს, რომლის ან მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. გადასახადის გადახდის ბოლო ვადა წელს 17 ნოემბერია.




























