სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კურორტ ბახმაროში კომპანია „ორბი ჯგუფისთვის“ 1 ლარად მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, შეიცავს რიგ უზუსტობებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან 2 ივნისს, ტელეკომპანია "რუსთვი2"-ის მიერ გადაცემა P.S-ში გაშვებულ სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ იყო სააგენტოსგან გამოთხოვილი, შესაბამისად, შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას.
შპს „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, ის აიღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა მასშტაბური - 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და კურორტზე მოაწყობდა სასტუმროებს, კომერციული ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს.
პარალელურად, სააგენტოს მიმართა კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც ასევე ითხოვდა სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიწის გადაცემას 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელების პირობით.
საინვესტიციო პირობების უკეთ დაკმაყოფილების საფუძველზე შეირჩა „ორბი ჯგუფი“, თუმცა მეორე კომპანიასთან გაგრძელდა მოლაპარაკება მისთვის ბახმაროში სხვა ტერიტორიის შეთავაზების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ბახმაროს ნებისმიერი მშენებლობა ხორციელდება მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ფარგლებში, რომლითაც ბახმაროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა აკრძალულია.
აღნიშნული დოკუმენტი გამორიცხავს ბახმაროს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ისეთ განვითარებას, რომელიც დაუშვებელია ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი როგორც ტეროტორიის სწორად განვითარებისათვის, ასევე ინვესტორთათვის, რათა მათ განახორციელონ პროგნოზირებადი და გარანტირებული ინვესტიცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული და ბიზნეს მეგობრული გარემოს დაცვას. სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს ყველა ინვესტორთან, რომლის მიზანსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის, ბახმაროში ინვესტიციის განვითარება, ბიზნესის დაწყება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული საინვესტიციო წინადადება, რისი გათვალისწინებითაც სააგენტო განაგრძობს ნებისმიერ მსურველ კომპანიასთან საინვესტიციო წინადადებების განხილვას ბახმაროს ტერიტორიაზე თუ სხვაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა.
უძრავი ქონება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარეობს.
საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებდეს) სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედანს/მოედნებს და ა.შ.
განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახოციელოს.
ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორს ეძლევა უფლება, განახორციელოს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც შესაძლოა, ადგილზე არსებული უძრავი ქონების დემონტაჟსაც მოიცავდეს.
გარდა ამისა, განკარგულებაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
ცნობისთვის: საჯარო რეესტრის თანახმად, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - ზვიად ზოიძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ირაკლი კვერღელიძემ 2014 წელს პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 60,000 ლარი შესწირა; 2018 წელს კი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში 25,000 ლარი შესწირა კვერღელიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს სახელისუფლებო პარტია უჭერდა.
„ორბი ჯგუფი“ საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც ცათამბრჯენების მშენებლობასთან, ინოვაციებთან, მშენებლობის ახალ ტექნოლოგიებთან, გამორჩეულ არტიტექტურულ სტილთან და მართვის თანამედროვე სისტემასთან ასოცირდება.
„ორბი ჯგუფი" სამშენებლო ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.

























