საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არის შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა.
საქმის მოსარჩელეები იყვნენ: სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“.
„მოსარჩელე მხარის განმარტებით, თანასწორ სუბიექტად უნდა იყოს განხილული ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში აღიარებული და რეგისტრირებულია, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა. ამასთან, რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც არსებობენ არარეგისტრირებული კავშირების ფორმით და არ არიან ჩამოყალიბებული იურიდიულ პირებად, შესაძლოა, სახელმწიფო განსხვავებულად მოეპყროს, რადგან ასეთ კავშირს არ გააჩნია საკუთარი უფლებები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე აღიარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და სსიპ-ად ან ააიპ-ად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, აღნიშნული სამივე კატეგორიის იურიდიული პირის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს ერთგვაროვანი.
მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, საკუთრებაში მიიღოს ქონება უსასყიდლოდ, თუკი მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სადავო რეგულირება საქართველოს მთავრობას ართმევს შესაძლებლობას, განიხილოს ქონების გადაცემის საკითხი სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით“,- ნათქვამია საქმეში.
უწყების ცნობით, არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 31 დეკემბრიდან.

























