მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

QooQy Bakery ბრენდის განვითარებას ფრენჩაიზის გაყიდვით გეგმავს

62da50f040fbe
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.22 11:21
1340
საკონდიტრო-სახაბაზო QooQy Bakery ბრენდის განვითარება-გაფართოების მიზნით, ინვესტორებს ფრენჩაიზს სთავაზობს. შეთავაზება კომპანიამ დაინტერესებულ პირებს Facebook-გვერდის საშუალებით, ივლისის დასაწყისში წარუდგინა.

„თუ გსურთ კაპიტალი დააბანდოთ გამოცდილ გუნდთან ერთად, მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა. QooQy Bakery გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ ჩვენი ფრენჩაიზის მფლობელი მიუხედევად იმისა, რომ QooQy Bakery სულ 1 წელია, რაც დაარსდა, მომხმარებელში დიდი ინტერესი გამოიწვია მისი გაფართოების იდეამ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ფრენჩაიზინგისთვის: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში. ამჟამად გვაქვს ორი ფილიალი თბილისში: ვაჟა- ფშაველას #7-სა და აბაშიძის #62-ში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BM.GE დამატებითი დეტალების გასარკვევად QooQy Bakery-ს თანადამფუძნებელ ილია გეფერიძეს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ინტერესი ამ შეთავაზების მიმართ დიდია და დღეისთვის უკვე 30 განაცხადია შესული. ის ამბობს, რომ კომპანია პოტენციურ პარტნიორებს ორი ტიპის ფრენჩაიზს სთავაზობს - ექსპრეს-ფილიალის გახსნის და წარმოების.

„წარმოების ფრენჩაიზი 30 000 ლარის ღირებულების არის, ხოლო ექსპრეს ფილიალის - 20 000 ლარი. ამასთან, შეიქმნება ახალი კომპანია, რომლის 60%-ის მფლობელი ახალი პარტნიორი იქნება, ხოლო 40% ჩვენი იქნება. ჩვენ უარს ვამბობთ რეალიზაციიდან შემოსავლის მიღებაზე, დავრჩებით მეწილეებად და განვახორციელებთ მმართველობას. შესაბამისად, ხარისხი და სტანდარტი შენარჩუნებული იქნება.

განაცხადები თითქმის ყველა რეგიონიდან შემოვიდა. მათი განხილვა და მოლაპარაკებების დღესაც წარმოებს. შესაბამისად, მიმდინარე წელს მინიმუმ 3 ფილიალი გაიხსნება, ერთი ბათუმში, რომელიც აუცილებლად გულისხმობს საწარმოს და 2 თბილისში“, - განმარტავს ილია გეფერიძე.

QooQy Bakery-ს თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ მათი მიზანი 2023 წლის ბოლომდე ჯამში 10 ფილიალის დამატებაა.

"ჩვენი მიზანი საქართველოში ქართული ფრენჩაიზინგის მაგალითი შექმნაა. ამისთვის სამი ფილიალის გახსნისთვის მინიმუმ 0.5 მლნ ლარის მოზიდვა გვაქვს დაგეგმილი.

ამის გაკეთება ბანკის რესურსითაც შეგვეძლო, თუმცა საქართველოში ფრენჩაიზის პრაქტიკის გაუმჯობესება გვინდა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს თანადამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, თითო წარმოების გახსნით მინიმუმ 20, ხოლო ექსპრეს ფილიალებში 5-8 სამუშაო ადგილი იქმნება. QooQy Bakery-ს დღეს მოქმედ 2 ფილიალში 28 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები